იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა - თამარ ხულორდავა ​

10:44 07-17-2018
42

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ  იტალიის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იტალია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. შეხვედრაზე კი ხაზი გაესვა, რომ თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს. 

„ეს არის პირველი და მართლაც ისტორიული ვიზიტი. იტალია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის. პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ არსებობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი“, – განაცხადა დეპუტატმა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

„ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის იმ ვითარებაზე, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, არაღიარების პოლიტიკის მიმართ. გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.