„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს

10:43 07-16-2018
98

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს. ექსპერტები და პოლიტიკოსები ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს: თუ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს, ის უკონკურენტო იქნება.

„იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მაშინ „ქართული ოცნების“ შანსი არჩევნების მოგების იქნება ძალიან დიდი. არცერთ მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება....“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება:

„თუკი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად იყრის კენჭს, ეს იქნება ძალიან კარგი როგორც ქვეყნისთვის, ისე პირადად მისთვისაც, რადგანაც მასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა... არჩევნებში მონაწილეობით კი ის სწორედ იმ ლეგიტიმაციას აღიდგენს, რომელიც დაკარგული აქვს და საკუთარ მანდატს კიდევ უფრო განამტკიცებს... ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, საინტერესოა, რამდენად დასთანხმდება ამას“. 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. 

ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები, თანაც მას არა ხუთი, არამედ ექვსი წლით აირჩევენ.

ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ივანიშვილს სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებდა:

„...შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო კანდიდატი, გამომდინარე ჩვენი საარჩევნო ამოცანებიდან“, – განმარტა, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მსგავსი მოლოდინები და სურვილები არსებობს:

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში, ასევე, ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი...“

ივანიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი განსაკუთრებთ მას შემდეგ გახშირდა, რაც მან კვლავაც პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, პოლიტიკაში დაბრუნდა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში ჩაერთო. 

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ თითქოს ერთგვარი სტარტი მისცა მმართველ ძალას და მას „რეფრეში“ გაუკეთა. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, განახლდა კაბინეტის შემადგენლობა. ამდენად, მმართველი პოლიტიკური ძალა უკვე საარჩევნო მარათონშია ჩართული და ის აქტიურად ახდენს ადამიანებში იმედებისა და პოზიტიური მოლოდინების გაღვივებას. 

მედიაში სხვა კანდიდატურებიც სახელდებიან, მათ შორის არიან დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, მაია ცქიტიშვილი, სალომე ზურაბიშვილი.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი მალე დაასახელებენ კანდიდატურას. ოფიციალურ განცხადებებში ჯერ მინიშნებებსაც არ აკეთებენ. 

რა თქმა უნდა, ექსპერტები და პოლიტიკოსები ერთსულოვნად ადასტურებენ, რომ კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი უალტერნატივო ფიგურაა და მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური მაგნიტია, რომელიც ჭრელი გემოვნების, მოლოდინებისა და ინტერესების ელექტორატს აერთიანებს.