თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა

18:35 07-12-2018
22

„ათი წლის შემდეგ, როდესაც პირველად შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ისტორიული გადაწყვეტილებისა, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ამას ვაკეთებთ იმ პრინციპული რეფორმებითა და დემოკრატიული განვითარებით, რასაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში აღწევს“ - ამის შესახებ საქართველოს  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს დეკლარაციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: „ეს გადაწყვეტილება ხაზგასმით აღინიშნა იმ შეხვედრის ფორმატშიც, სადაც საქართველო უკრაინასთან ერთად ნატოს წევრ ქვეყნებს ხვდებოდა და  რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავდა. სამიტის მთავარი თემა, რომელიც ფინანსების, პასუხისმგებლობისა და ტვირთის  სამართლიან და თანაბარ განაწილებას უკავშირდება, კერძოდ კი იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%, ხოლო ამ ბიუჯეტიდან 20% შეიარაღებას მიმართონ, არის სწორედ საქართველოს რეფორმებით მიღწეული და ეს არის ცალსახად დაფიქსირებული, როგორც მნიშვნელოვანი პროგრესი“.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში საქართველოს აქტიურობას. „ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა იმ ურთიერთობას, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გაერთიანებულ ძალთა სწავლების ცენტრთან ბიდგოშთან აქვს. ასევე, მისასალმებელია კოორდინაციის ის მაღალი ხარისხი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და გვაძლევს საფუძველს, რომ 2019 წლის მარტში უფრო დიდი მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები ჩავატაროთ“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.