"შავ ოთახში ეძებენ შავ კატას და ძალიან ვწუხვარ, რომ შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს..."- პაატა ბურჭულაძე მეორედ დაკითხეს

16:44 07-12-2018
31

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქოს სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

როგორც პაატა ბურჭულაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დაკითხვით ერთი რამ დადასტურდა. 

"დღეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შავ ოთახში ეძებენ შავ კატას და ძალიან ვწუხვარ, რომ შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს, ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს. წინათ თუ ვთხოვდი, რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება, დღეს ვთხოვე საქმის პროკურორს და გამომძიებელს, რომ გააკეთეთ ყველაფერი რაც შეიძლება ნელა, რადგან თქვენ უკვე ავნეთ ფონდს, ავნეთ საქართველოს, მის რეპუტაციას, მავნეთ მეც და საქმე შესრულებულია მეთქი. მე თუ ამას მიშვებიან, მთელ საქართველოს უკვე პატრონი აღარ ჰყავს ეტყობა, რადგან არავინ აღარ არის დაცული ამ ქვეყანაში. საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, დავადებინებ დასკნას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, დაახლოებით 3 საათი რაც ის დაკითხვაზე იყო შესული, მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.

"ამდენი ხანი ვსაუბრობდით არაფერზე", - აღნიშნა საოპერო მომღერალმა. 

ბურჭულაძის დაბარება სასამართლოში მას შემდეგ მოხდა, რაც მან საქმის დახურვა საჯაროდ მოითხოვა. 

ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელი უკვე მეორედ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკითხეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე