რა სიახლეების დანერგვას აპირებს ეკონომიკის მინისტრად წარდგენილი გიორგი ქობულია?

11:37 07-12-2018
51

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას.

„ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

„რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული“ – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრობის კანდიდატმა მედიასთან თავის შრომით გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ, საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მამუკა ბახტაძემ დღეს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.