სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: თუ თავდაპირველი ჩვენება ნებაყოფლობით მისცა, იბადება კითხვა, ახლა რატომ აღარ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას?!

22:20 07-11-2018
111

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი აცხადებს, რომ თავის დაცვის ქვეშ მყოფზე, შესაძლოა ზეწოლა განხორცილებულიყო.

"ძალიან საეჭვოა ის გარემოება, რომ გამოძების ეტაპზე ბატონი მალხაზ კობაური აღიარებს ბრალს, თუმცა შემდგომ მან უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ის ბრალს არ აღიარებს. 

აქედან გამომდინარე, იბადება ძალიან სერიოზული შეკითვები იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა იძულებით მიცემული მისი ჩვენება გამოძიების ეტაპზე. დაახლოებით 1 საათის წინ გადაწყდა ჩემი ჩართვა ამ საქმესთან დაკავშირებით და როგორც ადვოკატს, სერიოზული შეკითვები მექნება საგამოძიებო ორგანოს მიმართ, რადგანაც შესაძლებელია ეს იყოს არასწორი გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".  

ადვოკატი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა მაშინ განხორციელებული, როცა მკვლელობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად გაუჩინარებული იყო. 

"მას შემდეგ რაც შემხთვევა მოხდა, გარკვეული პერიოდი, ბრალდებულის ადგილმდებარეობა არის უცნობი. სრულიად შესაძლებელია, რომ ის ამ დროს ჰყოლოდა საგამოძიებო ორგანოებს და მასზე შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა რაიმე სახის ზეწოლას. რადგანაც ის ჩვენება, რაც მან თავიდან გამოძიებაში მისცა, თუ ნებაყოფლობით იყო მიცემული, იბადება კითხვა, რატომ შეცვალა მან აღიარებითი ჩვენება და რატომ აღარ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. ასევე საინტერესოა, რატომ მოხდა მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე და რატომ არ მისცეს ამ უფლებადამცველს ამ უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო ეტაპზე ყოფილიყო მის გვერდით", - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, 6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

ამერიკელი ცოლ-ქმრის 4 წლის შვილი კი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვილი იპოვეს.

სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.



ავტორი: ლელა მდივანი