"თავიდან გვეგონა ბავშვი გადაიჩეხა და მშობლები დასახმარებლად მიჰყვნენ" - სოფელ ქვეშეთში მერის წარმომადგენელი სმიტების მკვლელობის საქმეზე

21:23 07-11-2018
59

"ხადას ხეობაში ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, ჩანჩქერები, მაგრამ სახიფათო ადგილებიც ბევრია და გაუფრთხილებლობით შეიძლება მომხდარიყო უბედური შემთხვევა, რაც პირველი ვერსიით გვეგონა", - ამის შესახებ მერის წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში თენგიზ ბედოიძემ გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სმიტების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

"ხადას ხეობა თვალწარმტაცი ხეობაა, მაგრამ იქ მოძრაობა და სიარული დამოუკიდებლად უცხო ადამიანებისთვის, ვინც ამ ხეობის ლანდშაფტი არ იცის და ბილიკები, არის საფრთხის შემცველი. ჩვენ რადგან გავიგეთ ამ პიროვნებების გაუჩინარების შესახებ, პირველი ჩვენი ფიქრი იყო, რომ სადღაც გადაიჩეხნენ, ან ბავშვი გადაიჩეხა, მერე დასახმარებლად მიჰყვნენ მშობლები და ასე შემდეგ. შემდეგ კი სხვანაირი ვერსიები გაჩნდა", - განაცხადა ბედოიძემ. 

შეგახსენებთ, 6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

ამერიკელი ცოლ-ქმრის 4 წლის შვილი კი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვილი იპოვეს.

სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

 



ავტორი: ლელა მდივანი