რა მდგომარეობაშია თბილისის შადრევნები და როგორ ხდება მათი ექსპლუატაცია

10:49 07-09-2018
72

 ავტორი: თამუნა დალაქიშვილი   

 დღეს თბილისში 48 შადრევანია. მათგან მხოლოდ 36 ფუნქციონირებს. ამ შადრევნების უმეტესობა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზეა, ძველ, საბჭოთა ეპოქაში აშენებული. თბილისს შადრევნები აკლია, მათი ნაკლებობა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ტემპერატურა 45 გრადუსს სცდება. ამას თბილისელები ხშირად ჩივიან. ახლის აშენება მარტივი არაა, რთული სამშენებლო კონსტრუქცია ექსპლუატაციისთვისაც ძვირია, ამიტომაცაა, რომ დეველოპერები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ თუ არაცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიან სახლებს აშენებენ, შადრევნებს არ „აღიარებენ“. დღეს ჩვენთან ძირითადად ძველი, ამორტიზებული შადრევნების რეაბილიტაცია ხდება.          

  ვახტანგ ნოზაძე, ეკოსერვისჯგუფის დირექტორი:  

– თბილისში, სულ, 48 შადრევანია, მათ შორის  36-ია მოქმედი – მათ ნაწილს ესაჭიროებოდა შეკეთება, ჩავუტარეთ რემონტი და დღეს ისინი გამართულად ფუნქციონირებს. 12 შადრევანი სხვადასხვა სირთულის პრობლემების გამო გაჩერებულია. არის შადრევნები, რომელთაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება იმისთვის, რომ მისი კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია მოხდეს.  მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შადრევანი ალექსანდრეს ბაღშია, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, ეს შადრევანი კარგა ხანია, რაც მოქმედი აღარ არის, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რეაბილიტაციის შემთხვევაში განსხვავებულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, ამის გარდა, თვითონ რეაბილიტაციის პროცესიც ძალიან ძვირი დაჯდება.  

– ურბანულ გარემოში შადრევანს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს, ჩვენ შადრევნების სიმრავლით ვერ დავიკვეხნით, რატომ ვერ ხერხდება ახალი შადრევნების გაკეთება? ეს დიდ რესურსთან არის დაკავშირებული? 

–  ვერ დაგეთანხმებით, რომ თბილისში ცოტა შადრევანია, თუმცა, როგორც მოქალაქე, ვისურვებდი, რომ ქალაქში უფრო მეტი შადრევანი იყოს. ქალაქის ისტორიული განვითარების განმავლობაში ისე მოხდა, რომ შადრევნების უმეტესობა თბილისის ცენტრალურ ნაწილშია. მაგალითად,   თავისუფლების მოედნიდან მეტრო რუსთაველამდე ათამდე შადრევანია – ორი შადრევანი გვაქვს საკრებულოს წინ, ერთი – თავისუფლების მოედანზე, სადაც წმინდა გიორგის სკულპტურა დგას, ამის შემდეგ ორი შადრევანია ოპერასთან, ორივე მხარეს, შემდეგ სასტუმრო „რადისონთან“ და მეტრო „რუსთაველთან“. ვერ გეტყვით, რომ არსებობს რაიმე სტანდარტი, რაც განსაზღვრავს ურბანულ ზონაში შადრევნების რაოდენობას, ასეთი ნორმები არც უცხოეთის ქვეყნებში არ არსებობს. ბოლო წლებში ახალი შადრევანი არ გაკეთებულა, ძველების  რემონტითა და რეაბილიტაციით შემოვიფარგლეთ. მოსახლეობისგან  არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა შადრევნებზე, როცა შადრევნებს ვასვენებთ, მაშინაც კი უამრავი ხალხი რეკავს ჩვენთან, რომ შადრევანი მალე ჩაირთოს, განსაკუთრებით ზაფხულობით, მაღალი ტემპერატურის დროს იზრდება მოთხოვნა. მცირე ბიუჯეტის გამო, ახალი შადრევნის გაკეთება ვერ ხერხდება. შადრევანი რთული ტექნიკური სისტემაა, საკმაოდ ძვირია ექსპლუატაცია, წყლისა და ენერგორესურსის მოხმარების თვალსაზრისით. ახალ შადრევნებზე არის საუბარი ახალი პარკების ფორმატში, პარკების რეაბილიტაციასთან ერთად მოხდება უკვე არსებული შადრევნების რეაბილიტაციაც.   

– რა რეჟიმით ფუნქციონირებს თბილისის შადრევნები? 

– შადრევნები მუშაობს ტაიმერის პროგრამის მეშვეობით. ისინი ირთვება დილის ცხრა საათზე, აქამდე ირთვებოდა საღამოს ათ საათზე, მაგრამ მაღალი სიცხეების გამო, დრო გავზარდეთ და ყველა ცენტრალური შადრევანი საღამოს 11 საათამდე მუშაობს. მათი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია აგრეგატების, ტუმბოების გარკვეულ რეჟიმში მოყვანა, რადგან ისინი ექვემდებარება გადახურებას, შესაბამისად, ყველა შადრევანს დღის განმავლობაში, ერთი საათით „ვასვენებთ“, ზაფხულში ეს დრო ნახევარ საათამდეა შემცირებული. 

– საშუალოდ, რა თანხებთან არის დაკავშირებული შადრევნების ექსპლოატაცია? რა რაოდენობით წყალსა და ელექტროენერგიას მოიხმარს ისინი? 
–  ეს დამოკიდებულია შადრევნის ზომაზე, სისტემაზე, სხვადასხვა თანხებთან არის დაკავშირებული სხვადასხვა სიმძლავრის შადრევნის ექსპლოატაცია. არის შადრევნები, რომლებიც ბევრ წყალს მოიხმარს, უფრო თანამედროვედ დაპროექტებული – ნაკლებს. წყალი შადრევნებში დაახლოებით ათ დღეში ერთხელ იცვლება, იწმინდება ავზი კერხელის მეშვეობით და ამის შემდეგ  ისევ თავიდან ივსება. როგორც წესი, ზამთარში, იანვარ-თებერვალში შადრევნები ჩერდება, კონსერვდება და იხსნება აპრილში. დაბალ ტემპერატურაზე არ არის მიზანშეწონილი შადრევნის მუშაობა, თუმცა მათი მოვლა-პატრონობა მაინც აუცილებელია, რაც ასევე ჩვენი სამსახურის პრეროგატივაა.      

                მოქანდაკე ირაკლი ჟვანია შადრევნების სპეციალისტია, ის წლების განმავლობაში შპს „თბილისის შადრევნების“ ხელმძღვანელი იყო, მისი კომპანია თბილისის შადრევნების პროექტირება-მშენებლობით და ექსპლუატაციით იყო დაკავებული, თავად მოქანდაკე არის  ავტორი თბილისის რამდენიმე ცნობილი შადრევნის, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენდა:  

– როგორც კი ადამიანმა მშენებლობა და კეთება დაიწყო, ერთ-ერთი იყო „წყლის მოთვინიერება“ და შადრევნები. საფრანგეთში ლუდოვიკომ პირველი რაც გააკეთა, ვერსალის შადრევნები იყო, მაშინ როდესაც არც ტუმბო ჰქონდათ და არც აგრეგატები. პეტრე პირველმა რუსეთში შადრევნები გააკეთა, რომ  დანარჩენი ევროპისთვის ცივილიზაცია და პროგრესი  ეჩვენებინა. შადრევნები იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში და აზიაში. საქართველოში პირველი შადრევნები ჯერ კიდევ ძველ კოლხურ მითში, არგონავტებშია მოხსენიებული, მეფე აიეტის ეზოში ერთი შადრევნიდან თაფლი მოდიოდა, მეორიდან – ღვინო,  ანუ შადრევანი ჯერ კიდევ იმ ეპოქაში ჩნდება, სულ ახლახან ჩვენთან აღმოაჩინეს ძველი ნაშადრევნალი, რომლის წლოვანება საფრანგეთისა და პეტერბურგის ცნობილ შადრევნებზე მეტია. შადრევნები, ალბათ, პირველ რიგში, ადამიანების  წყალთან ურთიერთობას უკავშირდება. როგორც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, წყალს აქვს  მეხსიერების თვისება, რაც მას საკრალურ როლს ანიჭებს. შადრევნები ყოველთვის იყო ქვეყნების, ხალხის გარკვეული კულტურის გამომხატველი. დუბაი 30 წლის წინათ ერთი დიდი, განუვითარებელი სოფელი იყო. ამ 30 წლის განმავლობაში ისეთი ნახტომი გააკეთეს, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია, ტექნოლოგიური განვითარებითა და პროგრესით. ერთ-ერთი პირველი, რაც დუბაიში გაკეთდა, იყო უზარმაზარი შადრევანი ცათამბჯენ ბურჯდუბაის წინ, შადრევანი გააკეთა ამერიკულმა კომპანიამ. პროექტში 226 მილიონი დოლარი ჩაიდო. დუბაის შადრევანი ცნობილია არა მარტო განსაკუთრებული ზომების წყალობით, ის 4-5 საფეხბურთო მოედნის ტოლია, არამედ გასაოცარი ვიზუალური და მუსიკალური სპეცეფექტებითაც გამოირჩევა. ის ჯერ არ  იყო აშენებული, ისე მოხვდა  მსოფლიოს რეკორდების წიგნში,  როგორც ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი მსგავს პროექტებს შორის. დუბაის ცნობილი შადრევნებით მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარია ამოღებული გარშემო ტერიტორიაზე განვითარებული ინფრასტრუქტურული პროექტებით. ვინც დუბაიში ჩადის, აუცილებლად მიდის იმ ტერიტორიაზე, რომ წყლის ეს საოცრება, სასწაული  შადრევნები ნახოს.   

–  ჩვენთან რა ხდება, რა მდგომარეობაშია ჩვენი შადრევნები? როგორც ძველ ქალაქს, აქვს თუ არა თბილისს განსაკუთრებული ისტორიის ძველი შადრევნები?

– როგორც ვიცი, ყველაზე ძველი შადრევანი არის ალექსანდრეს ბაღის შადრევანი და, ასევე, შადრევანი მეფისნაცვლის სასახლეში, ე.წ. პიონერთა სასახლის ეზოში.  საქართველოში შადრევნების უმეტესობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ვაკის პარკის შადრევნების კომპლექსი და ის კასკადი, რომელიც ზემოდან არის, არა მარტო რეგიონში,  არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მასშტაბის ამ ტიპის ნაგებობაა, თავისი ტექნიკური და სამშენებლო მონაცემებით მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ საინჟინრო თვალსაზრისით ვაკის პარკის შადრევანი შეიძლება უფრო რთული ნაგებობაც იყოს, ვიდრე დუბაის ცნობილი შადრევანი, რომელიც უფრო ტექნოლოგიური ნამუშევარია. შადრევნის პირველი ნაკადის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო, მერე გააკეთეს მრგვალი შადრევანი და ალბათ, 1972 წელს დაემატა კასკადი, რომელიც სპეციალურად გაკეთდა უცნობი ჯარისკაცის საფლავის ირგვლივ. 2014 წელს ამ  შადრევნის რეაბილიტაციაზე მე და ჩემი ჯგუფის წევრები ვმუშაობდით. ეს არის უნიკალური ნაგებობა, წყლის მოძრავი მექანიზმი ერთიანი სისტემით იყო გაკეთებული, ისე როგორც  ვერსალსა და პეტერბურგში, თუმცა, მათგან განსხვავებით, ჩვენთან უკვე გამოყენებული იყო ტუმბოები. ჩვენ გავაუქმეთ ერთიანი სისტემა და შადრევნის სამივე ნაწილი ავტონომიური გავხადეთ, რათა უფრო მობილური და ადვილი ყოფილიყო მათი ექსპლუატაცია. ამ შადრევანს იმდენი წყალი მიჰქონდა, ვერ „გავაძღეთ“, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სისტემა სამ ნაწილად ჩაგვეჭრა. 

   2014 წლამდე თბილისში 55  შადრევანი ფუნქციონირებდა. ცუდ მდგომარეობაში იყო მხოლოდ ერთი – ვორონცოვის მოედანზე მდებარე შადრევანი. დანარჩენ  შადრევნებს ვამუშავებდით დილის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე, ყველა შადრევანთან მორიგე იყო დაყენებული, რამე რომ მომხდარიყო, ჯგუფის მისვლამდე ოპერატიული რეაგირებისთვის, მოგვიანებით მორიგე მობილურმა ჯგუფმა შეცვალა. 

 – თუმცა მაშინაც ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე თბილისში, დედაქალაქის შადრევნებს დევები დაეპატრონნენო, იმდენად ხშირად  ხდებოდა მათი გამორთვა. 

 – ვერ დაგეთანხმებით, ტექნიკური დავალება გვქონდა ასეთი – ყველა შადრევანი ჩართული უნდა ყოფილიყო. თუ რომელიმე გამოირთვებოდა, ეს  აისახებოდა კომპანიის თანამშრომლების ხელფასზე, ხელფასს ვეღარ ვიღებდით.  შადრევნის გამორთვა ხდებოდა მხოლოდ დაზიანების შემთხვევაში. 2014 წელს თბილისის შადრევნები გადავიდა თბილსერვის ჯგუფის კომპეტენციაში, შემცირდა დაფინანსება.  

პირადად ჩემი გაკეთებულია შადრევანი მრგვალ ბაღში, ვაკის პარკში, მუშტაიდის ბაღში, ასევე მთაწმინდის პარკში არსებული ნატვრის ხის შადრევანი, რომელიც „სოფტის“ აუქციონზე უნდა გატანილიყო, მაგრამ ტექნიკური საკითხების გამო ეს ვერ გადაწყდა. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მონუმენტური ნამუშევარი გავიდოდა „სოფტის“ აუქციონზე. ჩვენი გაკეთებულია მუსიკალური შადრევანი ოპერის ბაღში, ასევე, მეორე შადრევანი ოპერის მარჯვენა მხარეს.   

– ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რატომ არის დღეს შადრევნების ნაწილი გამორთული? 

– სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ 36 შადრევანი  ფუნქციონირებდეს. მე როგორც ვიცი, ახალ სამსახურს, ვინც მართავს შადრევნებს, ძალიან მწირი ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი, მათ სულ შვიდი სპეციალისტი ჰყავთ, რომლებიც ამდენ  საქმეს ფიზიკურად ვერ წარუძღვებიან. მეტს ვერც მოსთხოვ, იმდენად მწირი დაფინანსება აქვს ამ სამსახურს. როდესაც ობიექტი დიდი ხნის  გამორთულია, მას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება. იქ, როგორც წესი, ცუდი პროცესი მიდის ტუმბოებში, აუზებში, თავს იჩენს ნაპრალები, შემდეგ რეაბილიტაცია ძალიან ძნელია. ზამთარში გამორთულ შადრევანს ტუმბოებს ვუთბობდით სპირალური გამათბობლებით, ტუმბოს ნესტი რომ არ აეღო და ჩართვის დროს არ დამწვარიყო. ბოლო წლებში ძალიან ბევრი პროფესიონალი გაუშვეს სახლში. შადრევნების მართვა არ არის მარტივი საქმე. ეს რთული საინჟინრო ნაგებობაა, სადაც  ბევრი დეტალია გასათვლელი. ყველას ახსოვს, როდესაც გმირთა მოედანზე დაამონტაჟეს ჩამოტანილი შადრევნები, ვერ გათვალეს ის, რომ, როცა შადრევანი ჩართული იყო, ქარი ისე ურტყამდა, წყალი შადრევნის აუზის გარეთ გადმოდიოდა და ირგვლივ ყველაფერს ასველებდა, ჩადიოდა გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გასასვლელში. ამის შემდეგ ეს შადრევანი იქიდან მოხსნეს და ორთაჭალაში, მოედანზე გადაიტანეს, სადაც მას ანალოგიური პრობლემა ექმნება, როდესაც ქარია.         

– ერთი შადრევნის ექსპლოატაცია დაახლოებით რა თანხა ჯდება? 

– ყველა შადრევანს აქვ თავისი მრიცხველი, როგორც წყლის, ისე ელექტროენერგიის. მაშინ როცა 11 საათიდან ღამის 11 საათამდე მთელი ქალაქის შადრევნები იყო ჩართული, მხოლოდ კომუნალური გადასახადი იყო 6000650 ათასი ლარი. ამის  შემოწმება ძალიან ადვილია, ყველა უწყებაში უნდა ინახებოდეს  ძველი ქვითრები. მე არ ვიცი, დღეს ზუსტად რამდენია შადრევნების მიერ გახარჯული დენისა და წყლის ხარჯი, ჩემი ინფორმაციით, 2015 წლიდან ეს ციფრი, მაქსიმუმ, 150 ათასი ლარი უნდა იყოს.   

– როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს თბილისის შადრევნებს? არის შესაძლებლობა, მთლად დუბაის ცნობილი შადრევნის მსგავსს თუ არა, თანამედროვე ტექნოლოგიით აგებულ შადრევანს მაინც თუ ვიხილავთ  თბილისში, სადაც უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის და მათთვის  ეს საინტერესო სანახაობა იქნება.  

– ამ მიმართულებით დიდი გეგმები მაქვს, დიდი ხანია მინდა თბილისში გავაკეთო ლამაზი მინის შადრევანი,  რომელიც ასეთ მაღალ სიცხეებში, რაც ახლაა, დიდი შვება იქნება ქუჩაში ხალხისთვის. იდეა ასეთია – როდესაც ქუჩაში ძალიან ცხელა, მიდიხარ  შადრევანთან, აჭერ ხელს ღილაკს, მოდის „ღრუბლით წყალი“, რომელიც გაგრილებთ და მერე აგრძელებთ სიარულს. შადრევნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ხომ გარემოს გაგრილებაა, ჩვენი შადრევნები უფრო ესთეტიკურ როლს ასრულებს, არადა ასე არ უნდა იყოს. როცა ვაკის პარკში ვმუშაობდი, სულ ვფიქრობდი ხოლმე, რატომ არის, რომ ვენეციაში მტრედებს არ ეშინიათ ადამიანების, ჩვენთან ეშინიათ. არ მაქვს ამაზე პასუხი. ასე ვფიქრობ შადრევნებთან ადამიანების შეკრებაზეც – ჩვენთან ბავშვები იშვიათად ჩადიან საჯარო ადგილებში შადრევნებში, უცხოეთში კი ასეთი ადგილები ბავშვებით, მოზრდილებით არის სავსე. ვაკის პარკში შადრევნის შუა ნაწილში აუზში წყალი 50-70 სმ-ში ამოდის, მეტად არა, მუსიკალურ შადრევანზე უფრო დარბიან ბავშვები, მაგრამ იქაც რაღაც პრობლემები აქვთ – აღარც ხმა აქვს ამ შადრევანს, აღარც მუსიკა. ვაკის პარკის მთავარ მრგვალ აუზზე, რეკონსტრუქციის შემდეგ, დავამონტაჟეთ ახალი სისტემა, რომელიც გვაძლევს წყლის ფარდას და რომელიც ვიდეოპროექციით ულამაზეს  სანახაობად იქცევა. 4 წელიწადია, ეს ფარდა არ მუშაობს, მისი ჩართვა არ იცოდნენ იმ  სამსახურის წარმომადგენლებმა, ვინც შადრევნების ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობას კურირებდნენ 2014 წლის შემდეგ. წარმოიდგინეთ, 9 მაისს ვაკის პარკში შადრევნის კასკადიც კი გათიშული იყო. ასეთი  რამ ისტორიას არ ახსოვს. კასკადზე ტუმბოებია დამწვარი და ოთხი წელი ვერ მოხდა მისი შეკეთება. ორი კვირის წინ მივწერე თბილისის მერს, კახი კავსაძეს, ძალიან დაინტერესდა ამ საკითხით. მაშინვე გამომეხმაურა. წარმოიდგინეთ მერისთვის არ ჰქონდათ მიწოდებული ინფორმაცია, რომ წყლის ულამაზესი ფარდა გვაქვს  ვაკის პარკში, რომლის ამუშავებასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ. ვინაიდან თავის დროზე ძალიან კარგად გამოგვივიდა ვაკის პარკის შადრევნის ვიდეოპროექცია, უცხოელი სპეციალისტების ჩარევის გარეშე, დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ მდინარე მტკვარზე, მეტეხის ტაძართან  გავაკეთოთ წყლის ფარდა. მასზე ყოველ საღამოს გამოისახება ერთსაათიანი ვიდეოშოუ ვახტანგ გორგასლის მიერ მოყოლილი თბილისის ისტორიით. ამ  ადგილზე ყოველთვის ბევრი ტურისტია, წყლის ფარდა, თბილისის ისტორიით მათთვის საინტერესო სანახაობა იქნება.