„10 მიზეზი – რატომ უნდა ავირჩიო“ – დავით ბაქრაძე

10:20 07-09-2018
112

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

საპრეზიდენტო მარათონთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმის“ სპეციალურ რუბრიკაში: „10 მიზეზი – რატომ უნდა ავირჩიო“, შემოგთავაზებთ, საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვებს. ერთად ვნახოთ, როგორი აპირებენ ისინი, გამოიყენონ პრეზიდენტის უფლებამოსილებანი და რას გეგმავენ მთავარსარდლის ამპლუაში.

„ევროპული საქართველო“ – წინა პოლიტიკურ ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინაც და ახლაც ლიდერის უცვლელი სახით. დავით ბაქრაძე კლასიკური სტილის პოლიტიკოსია – გაწონასწორებული, პოლიტიკური ცოდნითა და საინტერესო გამოცდილებით. 

მისი ისტორია, შეიძლება ითქვას, ძალიან ჰგავს კონკიას ზღაპარს: არც პოლიტიკური გუნდი ჰყავდა, არც კულუარულ ბრძოლებში მონაწილეობის სურვილი კლავდა, თუმცა პოლიტიკურმა ვითარებამ თავად ითამაშა მისთვის ჯადოსნური ფერიას როლი. 

ეს მაშინ იყო, როცა ნინო ბურჯანაძემ არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და მაშინდელმა მმართველმა გუნდმა ბაქრაძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან პარტიაში გადაიყვანა. ის ჯერ საარჩევნო სიას ჩაუყენეს სათავეში, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარედაც აირჩიეს. ისე ჩანს, თითქოს ბაქრაძე მთავარ ფიგურად მხოლოდ იმიტომ წამოსწიეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ წარმოადგენდა. ამიტომაც ის ერთნაირად მისაღები იყო ყველასთვის.  

ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა და გაგრძელდა „ევროპულ საქართველოში“. მისი არჩევანი ლოგიკური იყო. ის არის პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკას უყურებს, როგორც კომპრომისების შესაძლებლობას და ვისთვისაც დასავლური ღირებულებები სულაც არ არის დაზეპირებული ფრაზები, რომლითაც ხან დასავლეთს აწონებს თავს და ხან ქვეყნის შიგნით პროდასავლურ ელექტორატს. 

მის მთავარ პოლიტიკურ არჩევანს რომ მივუბრუნდეთ, უნდა ითქვას, რომ მან გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არჩევანი ლოგიკურად გააკეთა. დავით ბაქრაძე რევოლუციონერი არ გახლავთ, ის რეფორმატორია. როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევოლუციურ და რადიკალურ მოძრაობად დაიწყო ჩამოყალიბება, მას რეფორმატორული ფრთა გამოეყო. რეფორმებთან ერთად, ამ გუნდმა ნაციონალებისგან კომპრომისების უნარი და პოლიტიკის კეთების შესაძლებლობაც წამოიღო. ასე რომ, სააკაშვილის გუნდი ახლა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იქ მხოლოდ რადიკალი რევოლუციონერები დარჩნენ. 

   ბოკერიას გუნდი დავით ბაქრაძის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებში დაყენებას უკვე მეორედ გეგმავს. და შესაძლოა, უკვე მეორედ გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ. 

პირველად ეს ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა. მაშინ ყოფილმა მმართველმა პარტიამ პირველად ჩაატარა შიდაპარტიული პრაიმერისი. აქ ჩართვა გიორგი ვაშაძესაც სურდა, თუმცა, ლიდერშიფმა მას უარი უთხრა. შედეგად მას წილად ხვდა სხვადასხვა რეგიონებში დავით ბაქრაძის წარდგენა, რაც, სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. 

მეორედ მას უკვე „ევროპული საქართველო“ წარადგენს. და ახლა არის შანსი, რომ ის საარჩევნო რინგზე ნაციონალების კანდიდატს გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდეს. თუკი, რა თქმა უნდა, ვაშაძე ეგრეთ წოდებული და ვითომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდება. 

„ევროპელები“ დარწმუნებულები არიან, რომ მათ აქვთ ის ათი მიზეზი, რატომაც უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად დავით ბაქრაძე.  

პირველი – პოლიტიკური გამოცდილება
გამოცდილება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში. ბაქრაძე უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერიც იყო და ახლა უმცირესობის ლიდერია. შესაბამისად, ძალიან კარგად ესმის ის ნიუანსები და შესაძლებლობები, რაც როგორც ერთ, ისე მეორე პოზიციებზე პოლიტიკურ ძალას აქვ. ის კარგად იცნობს პოლიტიკურ კულუარებს და მისთვის ქართული პოლიტიკური რეალობა უცხო არ არის. 

მეორე – კონსენსუსის მაძიებელი
დავით ბაქრაძე ევროპული ყაიდის პოლიტიკური ფიგურაა. რადიკალიზმი და შეურიგებლობა, პოლიტიკური ბოღმა ან შურისძიება მისთვის ისეთივე უცხოა, როგორც მეცნიერებისთვის უსასრულობის არსი. ასეც შეიძლება ითქვას.

ის ყოველთვის, კრიტიკულ მომენტებშიც კი, დიალოგისა და პოზიციების დაახლოების მომხრეა. პოლიტიკაში კონსტრუქტივიზმი მისი საფირმო ნიშანია.  

მესამე – განსჯის უნარი
დავით ბაქრაძეს ევროპელები განსჯის უნარითა და საღი აზროვნებითაც გამოარჩევენ. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ის კარგი პრეზიდენტი იქნება. 

მას შეუძლია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და აღიაროს შეცდომები. სხვათა შორის, პოლიტიკოსებს საქართველოში შეცდომის აღიარება მართლაც ძალიან უჭირთ. 

მეოთხე – საერთაშორისო გამოცდილება 
გუნდი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს მოკავშირეები და მეგობრები დასავლეთში. წარსულშიც და მომავალშიც, პოლიტიკურ მოკავშირეებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მით უფრო, რომ საქართველო ჯერ კიდევ რჩება პუტინური რუსეთისგან საფრთხის რისკის ქვეშ. თბილისს სხვა სახის გამოწვევებიც აქვს. 

მეხუთე – მისაღებია
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დავით ბაქრაძის მიმართ საზოგადოებას დადებითი განწყობა აქვს. ის არც რადიკალებს აღიზიანებთ და არც პოლიტიკოსების ფანატებს. თამამად შეიძლება თქვას, რომ არ უყვართ მხოლოდ პოლიტიკურ კონკურენტებს. შეიძლება მისი არ ეშინიათ, მაგრამ მისი პოპულარობისა და კლასიკური პოლიტიკური სტილის მაინც შურთ. 

მეექვსე – ხალხის პრეზიდენტი
სწორედ იმიტომ, რომ დასავლურ ღირებულებებს მისდევს და კლასიკური სტილის პოლიტიკოსია, ბაქრაძეს აქვს უნარი, ესაუბროს ნებისმიერი შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ელექტორატს. ის ხედავს პრობლემას და სთავაზობს მისი გადაჭრის გზას. 

მეშვიდე – კომპეტენტური გუნდი
დავით ბაქრაძეს მართლაც კომპეტენტური გუნდი ჰყავს გვერდით. ისინი გამოცდილები არიან და პოლიტიკურ თამაშებში პოლიტიკას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ინტრიგებს ან რადიკალიზმს. 

მერვე – დამოუკიდებელი ფიგურაა
„ევროპელები“ მიიჩნევენ, რომ დავით ბაქრაძე ძლიერი და დამოუკიდებელი ფიგურაა და ის არ მოექცევა თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, დაიცავს კონსტიტუციას და ქვეყნის ინტერესებს. 

მეცხრე – მაღალი კომპეტენცია
ბაქრაძე ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ განცხადებებს. ყოველთვის ჩანს მისი კომპეტენცია. ის არ მიეკუთვნება პოპულისტი პოლიტიკოსების ჯგუფს. 

მეათე – პოლიტიკური კლასიკა
დავით ბაქრაძის არჩევით თქვენ პოლიტიკაში უპირატესობას მიანიჭებთ კლასიკას.