კერესელიძის ქუჩაზე ქვაფენილის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

15:41 07-05-2018
22

მთაწმინდის გამგეობამ ვერაზე, კერესელიძის ქუჩაზე, ქვაფენილის გზის კაპიტალური მშენებლობა დაიწყო.

ამორტიზებულ რიყის ქვის გზას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა, ბაზალტის ქვის გზა ჩაანაცვლებს, რაც რელიეფურად რთულ სავალ ნაწილზე მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 1000 კვ.მ-ზე არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.

კერესელიძის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ერთ თვეში დასრულდება, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 125 032 ლარია.

ავტორი: ნინო რაზმაძე