„რომ მეუბნებიან, იმღერეო, რესტორნის მენიუს შემადგენელ ნაწილად მივიჩნევ თავს“ - exclusive

12:08 07-02-2018
171

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მსახიობთან, - კახა გოგიძე, რომელსაც ვრცლად „პრაიმტაიმში“ წაიკითხავთ.

– კახა, თქვენ მღეროდით ანსამბლ „ალილოში“, მხოლოდ ამით ჰგავხართ თქვენს გმირს, რომ მღერით?

– ამითაც არ ვგავარ. იმიტომ რომ რეალურად სიმღერა არ მიყვარს. ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს სუფრასთან სიმღერის, შეიძლება ფობიაც კი დავარქვათ ამას. ეს ჩემი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მომღერალი მეგობარი მყავს (ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე...) და ძალიან მიყვარს მათი მოსმენა... მე რომ მეუბნებიან, იმღერეო, რესტორნის მენიუს შემადგენელ ნაწილად მივიჩნევ თავს. ხინკალი, ქაბაბი, კაი სიმღერა კახა გოგიძესი – აი, ამ ჩამონათვალში ვხედავ თავს. 

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი კილოგრამი დაიკელით...

– ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რაღა თქვენ გაწყენინოთ. აი, ამ სავარძელში მხოლოდ ფეხსაცმლის მაშველით თუ ჩავჯდებოდი, იმხელა ვიყავი. მერე ვიდიეტე, დიეტამ გამიფუჭა ნერვული სისტემა. მერე ისევ მოვიმატე და ბოლოს ოპერაციით ვუშველე თავს.  ახლა აბსოლუტურად შევიცვალე ცხოვრების სტილი. ვვარჯიშობ კიდეც. 25 წლის განმავლობაში წონის გამო ძალიან ბევრი რამ დამაკლდა. სკოლა რომ დავამთავრე, სამეჯლისო ცეკვებს ვცეკვავდი. ამაზე დღემდე დამცინიან ჩემი ძმაკაცები. ცეკვას თავი რომ დავანებე, უცებ მოვიმატე. მის მერე ვებრძოდი კილოგრამებს. ბოლოს გამოჩნდა დათო აბულაძე, მის ხელებს შემოვევლე, გამიკეთა ოპერაცია და... გადავრჩი. მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ამას აპირებს, კი, დიდი შვებაა, მაგრამ შემდგომი პერიოდიც არაა მარტივი. კონტროლი უნდა მუდმივად. ასე რომ, თუ ფსიქიკაში კარგად ვერ ხართ, ნუ გაიკეთებთ. 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი