„კინაღამ ავიკაპიწე კაბა და გულდაწყვეტილი წავედი სახლში“ - ქართული წითელი ხალიჩა და ნომინირებული შოუბიზნესი

11:54 07-02-2018
1409

წითელი ხალიჩა, გადაპრანჭული შოუბიზნესი, ჟურნალისტები, კამერები, ფოტოობიექტივები. ამ ყველაფერმა ბევრს მუსიკალური დაჯილდოება „გრემი“ გაახსენა. „ქართული გრემი“ – ასე მონათლა შოუბიზნესის ნაწილმა „ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე მუსიკალური დაჯილდოება. სწორედ ამ დღეს რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის საუკეთესო სიმღერა გამოავლინა. წელს რადიო „ფორტუნა“ 20 წლის გახდა. შესაბამისად, ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ორგანიზატორებმა პომპეზური საღამო მიუძღვნეს.

5 ნომინაციიდან 14 კომპეტენტურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამოავლინა, მეთხუთმეტე ინტერნეტრჩეულის გამარჯვებული კი „ოქროს ტალღის“ საიტზე ხმის მიცემის წესით დასახელდა და ის გიგი ადამაშვილი გახდა.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე, ნინო ქათამაძე, სოფო ნიჟარაძე, „შვიდკაცა“ და ნინა სუბლატი აუდიტორიის წინაშე შესანიშნავი ქართული კომპოზიციებით წარდგნენ.

საღამო დაამშვენა „გრემის“ ორგზის მფლობელმა, ამერიკელმა შემსრულებელმა ლიზა ფიშერმა, რომელიც „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი გახლდათ და საქართველოში ამ ღონისძიებისთვის ჩამოფრინდა. 

ლიზა ფიშერი, რომლის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად რჩება. ის წლების მანძილზე ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან: ტინა ტერნერი, ლუთერ ვანდროსი, სტინგი, Rolling Stones და სხვა.

ლიზა ფიშერის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით – So Intense, 1991 წელს გამოვიდა და მასში შესული ჰიტით – How Can I Ease the Pain მუსიკოსმა „გრემი“ მიიღო რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის ნომინაციაში. 

სიმღერა How Can I Ease the Pain ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში „ბილბორდის“ ჩარტების ლიდერი იყო. ამავე ჰიტით ლიზა Soul Train Music Awards-ის გამარჯვებულიც გახდა. მორიგი „გრემი“ ლიზა ფიშერმა 2013 წელს, მორგან ნევილის დოკუმენტური ფილმისთვის – 20 Feet from Stardom მიიღო, რომელიც ბექვოკალისტების ცხოვრების შესახებ გადაიღეს. ფილმი „ოსკარის“ რიგით 86-ე ცერემონიის გამარჯვებულიც გახდა.

ლიზა ფიშერმა რამდენიმე კომპოზიცია ორკესტრთან ერთად შეასრულა... თუმცა მოუთმენელმა მაყურებელმა დარბაზი კონცერტის დასრულებამდე დატოვა. 

„ოქროს ტალღა“ ზუსტად ერთი წლით გვემშვიდობება, მანამდე კი ვნახოთ გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალი:

წლის დებიუტი: B17 და ლევან ბეიტრიშვილი – „იმიტომ რომ“ (სიმღერა და ტექსტი: ლევან ბეიტრიშვილი)

წლის დუეტი: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია – „თოვს“  (კომპოზიტორი და ტექსტი: თემო საჯაია)

წლის რიმეიქი, ანუ ახალი ვერსია: ლელა წურწუმია და გიორგი მახარაშვილი – „რა კარგი ხარ სიყვარულო“ (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე/ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

წლის ჯგუფი და ანსამბლი: ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“ – წერილი (კომპოზიტორი: ჯემალ სეფიაშვილი/ლექსი: პაატა ნაცვლიშვილი)

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ლაშა ღლონტი – „შენ რომ დიდი იქნები“ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი/ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი)

ინტერნეტრჩეული: გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო ღოღობერიძე)

წლის მუსიკალური ტელეპროექტი: „მხოლოდ ქართული“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“

მუსიკალური პროდიუსინგი: გიორგი კერესელიძე, „ისთერნ პრომოუშენსი“

ქართული მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ქეთი მელუა და „გორის ქალთა კამერული გუნდი“

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე

ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია – „თოვს“

მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი: გიო ხუციშვილი

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: თემურ თათარაშვილი – „გული ადამიანობს“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ცირა ბზიშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე/ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

წლის სიმღერა: ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე – „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ (კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე/ტექსტი: ირინა სანიკიძე)

15 ნომინაციიდან ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა, ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ნომინანტის დასაჯილდოებლად სცენაზე რადიო „ფორტუნას“ ერთ-ერთი ძველი სახე, ტელეწამყვანი ეკა ხოფერია გამოვიდა. სწორედ მას ხვდა წილად პატივი, გამოეცხადებინა, ვის გადაეცა ჯილდო ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის და ეს გახლდათ მისი დიდი ხნის მეგობარი, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი…

პრიზის მისაღებად სცენისკენ მისი ვაჟი, ზუკა ხუციშვილი გაემართა… თავიდან ძალიან გაუჭირდა აზრის მოკრება, მაგრამ შემდეგ გაიხსენა, როგორ გაუხსნეს იმავე დარბაზის წინ ვარსკვლავი მამას, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი გამოჩენა აღმოჩნდა ფართო მაყურებლის წინაშე.

ზუკა ხუციშვილი:

დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა… მგონი, ხვდებით, ჩემთვის ძალიან რთულია აქ ყოფნა, გიოს მაგივრად საუბარი. სულ ახლახან ფილარმონიის წინ გაიხსნა გიოს ვარსკვლავი. კონცერტის დროს შეუძლოდ იყო და ზუსტად აი, აქ იჯდა და შეასრულა რამდენიმე სიმღერა. ამხელა სიყვარული, პატივისცემა, ამხელა დარბაზი რომ ადგა და სიყვარული აჩუქა მამაჩემს, ასეთი არაფერი მინახავს, ძალიან დიდი მადლობა…

მე დავინახე, მამაჩემმა თქვენი სიყვარულისგან უკანასკნელად როგორ გაანათა, არასდროს დამავიწყდება და მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ვალში ვიქნებით თქვენ წინაშე. დიდი მადლობა!.. მადლობა მთელ გუნდს და მადლობა მთელი ჩემი ოჯახისგან…

„პრაიმტაიმი“ წლის სიმღერის დაჯილდოებას ლაივ რეჟიმში აშუქებდა. გთავაზობთ ნომინაციებში გამარჯვებულების ემოციებს.

გიგი ადამაშვილი:

– ხალხის რჩეული გავხდი. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებმაც ეს ჯილდო მარგუნეს წილად. 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმის მიცემა და ჩემმა გულშემატკივრებმა ყველას აჯობეს. „ქარი ქრის“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის წყალობითაც დღეს „ოქროს ტალღა“ მაქვს. 19 წლის ბიჭისთვის მართლა დიდი სტიმულია, რომ არ გაჩერდეს და საუკეთესო ნამუშევრები დადოს მომავალ წელსაც. 

სალომე ბაკურაძე:

– ჩამიარა ყველა ნომინაციამ და კინაღამ ავიკაპიწე ეს ჩამი კაბა და გულდაწყვეტილი წავედი სახლში. მეგონა, ყველანაირი შრომა წყალში ჩამეყარა. ეს ჩემი მზადებაც და ეს ჩემი დეკოლტეც მტკვრისთვის უნდა გამეტანებინა. მაგრამ თურმე ყველაფერი კულმინაციაშია, ცენტრალური ფიგურა ვყოფილვარ ამ საღამოსი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მთლად მთავარ პრიზს არ ველოდი. 

ნოდიკო ტატიშვილი:

– მეორედ მხვდა გამარჯვებულის სტატუსი „ოქროს ტალღაზე“, პირველ წელს სოფო გელოვანთან ერთად ავიღე მთავარი პრიზი და წელს – სალომე ბაკურაძესთან. ორივე ჩემი მეგობარია და ორმაგად გახარებული ვარ. ეს არის სიურპრიზი, საჩუქარი და სტიმული რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“. მადლობა ლილიკო ნემსაძეს, ირინა სანიკიძეს, ბორიკო შხიანს, ნესტან სინჯიკაშვილს, თაკო დოლაბერიძეს და ყველაზე დიდი მადლობა სალომეს, მეგობრობისთვის, კოლეგიალობისთვის, ნათელმირონობისთვის. მადლობა ჟიურის და ჩვენს მსმენელს, ვინც ერთხელ მაინც მისცა ხმა ჩვენს სიმღერას... ჩემს ყველა კოლეგას ვულოცავ გამარჯვებას სხვადასხვა ნომინაციაში და წარმატებას ვუსურვებ. 

ცირა ბზიშვილი:

– თემურ თათარაშვილი აჭარაში გახლავთ, „ივერიას“ ტურნე აქვს და მისი ჯილდო მე ავიღე, როგორც სიმღერის ავტორმა.

– „გული ადამიანობს“ მალე შეიყვარა მსმენელმა, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

– თემურს უნდოდა, ახალი სიმღერა დამეწერა მისთვის. ვიფიქრე, სიმღერა უნდა ყოფილიყო სათქმელი, რომელსაც ამხელა პაუზის შემდეგ ქართველი მსმენელი მისგან ელოდა. აქ უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება ჩადებული. ვფიქრობ, თემოს სათქმელი ვთქვი, სიმღერაც და ტექსტიც მე მეკუთვნის. ვიდეორგოლი ჩემმა მეუღლემ, ზურა ციციშვილმა გადაიღო. მიხარია, რომ ასე შეიყვარა ხალხმა და ამ სიმღერით თემურს „წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცის“ ჯილდო ხვდა წილად. 

თემო საჯაია:

– მადლობა რადიოჰოლდინგს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პატივგვყო, ამ ორ ნომინაციაში გაგვემარჯვა მე და ვერიკოს, სიმღერით „თოვს“. 

– თემო, სიმღერაც და ტექსტიც შენ გეკუთვნის, მომიყვები, როგორ შეიქმნა?

– ერთ დღეს დავჯექი ფორტეპიანოსთან და ერთდროულად დავწერე სიმღერაც და ტექსტიც. მერე ვერიკოს დავურეკე და...

– მაგრამ ასე მარტივად ხომ არ იწერება...

– შინაგანი განწყობა იყო მაინც, რა თქმა უნდა. ზამთარი იყო, მაგრამ არ თოვდა. 

– და გვერდით არ გყავდა ის, ვინც გათბობდა?

– (იცინის) ჰო, ალბათ. მოეწონა ვერიკოსაც და წინა ზაფხულს ჩავწერეთ. 

– ეს გამარჯვება, ალბათ, სტიმული იქნება იმის, რომ კიდევ დაწერო სიმღერა.

– უკვე მზად მაქვს ორი სიმღერა, რომელიც მზის სინათლეს ელოდება ვიდეორგოლის სახით. სექტემბერში იქნება ერთ-ერთის პრემიერა. ასე რომ, მომავალ „ოქროს ტალღაზე“ უკვე ორი სიმღერით ვიქნები. 

ვერიკო ტურაშვილი:

– მიხარია, რომ დაფასდა ჩვენი გულითა და სულით გაკეთებული სიმღერა და მადლობა ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სიმღერის შექმნაში. ანრი ჯოხაძეს მადლობა, რომელმაც შექმნა ვიდეორგოლი.

„პრაიმტაიმიც“ უერთდება მილოცვას, ულოცავს რადიოჰოლდინგს წარმატებით ჩატარებულ საიუბილეო „ოქროს ტალღას“, მომღერლებს კი – ნომინაციებში გამარჯვებას. 

 

 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი