ახალგორში ჩატარებული რეიდის დროს საქართველოს მოქალაქე მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს

16:30 07-01-2018
19

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ახალგორში ჩატარებული რეიდის დროს საქართველოს მოქალაქე მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ე.წ. ოქმში წერია, რომ საქართველოს 25 წლის მოქალაქეს, რომელიც Toyota-ს მარკის მანქანით გადაადგილდებოდა, 3,95 გრ. მარიხუანა ჰქონდა თან.

„დასახლება ლენინგორში რეიდის დროს მილიციის თანამშრომლებმა გააჩერეს „ტოიოტას“ მარკის მანქანა. მძღოლის – საქართველოს 25 წლის მცხოვრების შარვლის ჯიბეში აღმოჩენილ იქნა მცენარეული გამომშრალი მწვანე ფერის მასის შეკვრა. ექსპერტიზის დასკვნით, გამოკვლევაზე წარდგენილი ნივთიერება 3,95 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაა“, – განუცხადა ადგილობრივ მედიას დე ფაქტო უწყებაში არსებულმა წყარომ.

საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. 

ავტორი: ნინო რაზმაძე