„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა ორშაბათამდე გადაიდო

15:46 06-29-2018
88

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა ორშაბათამდე გადაიდო. ირაკლი ნოზაძის ადვოკატის თქმით, მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ამის შესახებ ნოზაძის ადვოკატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, მუსიკოსი აპირებდა, რომ დეტალურად მიეწოდებინა ინფორმაცია საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებისთვის, თუ როგორ მიაყენა ჭრილობა თამთა ჯანჯღავამ.

ირაკლი ნოზაძის ადვოკატის თქმით, დანაშაულის მოტივი ვალი გახდა. ირაკლი ნოზაძემ 250 ლარი ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულს, თამთა ჯანჯღავას გამოართვა.

„ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა გადაიდო იმ მიზეზით, რომ მისი ჯანმრთელობა არ არის იმ კონდიციაში, რომ შეძლოს მონაწილეობის მიღება გამოკითხვაში. ორი ჭრილობა აქვს მას მიყენებული, ოღონდ არ ახსოვს რით მიაყენეს, რა ნივთი იყო და შემდეგ უკვე როგორ აღმოუჩინეს პირველი დახმარება და როგორ მოხვდა საავადმყოფოში,’ - განაცხადა ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ.

ადვოკატის თქმით, ნარკოტიკებს და რაიმე სახის პრეპარატს ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ბუაძის განცხადებით, თამთა ჯანჯღავას ჩვენებას არ იცნობს, სადაც ის აცხადებს, რომ მან ეს თანხა სწორედ ნარკოტიკული ნივთიერების გამო გადასცა მუსიკოსს.

„ირაკლიმ განაცხადა და ზოგადად, საქმესთან, რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს, რომ ნარკოტიკებს და რაიმე სახის წამალს და პრეპარატს ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს საერთოდ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯანჯღავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პატიმრობა შეეფარდა ფაქტის შეუტყობინებლობის  ბრალდებით დაკავებულ ნათია თოფურიასაც. მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მორიგი სასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა.

ავტორი: ნინო რაზმაძე