"დამეხმარეთ, ხალხო. ამის მოდგმა უნდა ამოვწყვიტო. ჩემი შვილის სურათი უდევს“ - სოციალურ ქსელში პედოფილთა ჯგუფი გამოჩნდა

12:22 06-18-2018
6411

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

სოციალურ ქსელში სავარაუდო პედოფილთა ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც „ფეისბუკზე“ ინტენსიურად ათავსებენ ქართველი ბავშვების ფოტოებს. ერთ-ერთი ასეთი „ფეისბუკ“-ექაუნთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ირანელ მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც ქართველი „ფეისბუკ“-მომხმარებლებიდან საკუთარ გვერდზე იზიარებს არასრულწლოვნების ფოტოებს, სადაც სექსუალური შინაარსის კომენტარებს ტოვებენ მისი მეგობრებიც.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ბევრი მომხმარებელი აღაშფოთა. მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მშობელმა გახარიას უწყებას ოფიციალური საჩივრითაც მიმართა და პედოფილიის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, აღნიშნული ჯგუფი საქართველოში იმყოფება, თუ მათი „ფეისბუკ“-ექაუნთები საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული. სოციალურ ქსელში ვარაუდობენ, რომ ფოტოების განთავსების გარდა, ეს ჯგუფი ასევე სოციალური ქსელში უშუალო კონტაქტზე გადის არასრულწლოვნებთან და მათთან ინტერნეტის მეშვეობით სექსუალური ხასიათის კომუნიკაციას ამყარებს.

ერთ-ერთი „ფეისბუკ“-გვერდი, სადაც ქართველი ბავშვების არაერთი ფოტოა განთავსებული, არაბულ ენაზეა დარეგისტრირებული. ფოტოების ქვემოთ კი, ასევე, არაბულ ენაზე კეთდება კომენტარები. აქვე შეხვდებით ამ ფაქტით აღშფოთებული მშობლების კომენტარებსაც, თუმცა ყველა მათგანი უპასუხოდ რჩება.

ჩვენ აღნიშნული „ფეისბუკ“-გვერდების სახელწოდებებს შეგნებულად არ დავასახელებთ და ცხადია, არც ბავშვების ფოტოებს გამოვაქვეყნებთ, თუმცა გაგაცნობთ რამდენიმე კომენტარს, სადაც მშობლები დახმარებასა და რეაგირებას ითხოვენ.

„ეს კაცი ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს. ცოტა ყურადღებით. ავადმყოფია, მიაქციეთ ყურადღება, ფოტოები არ გააზიაროს“.

„ეს დეგენერატი პედოფილია, თუ ვინ ჯანდაბაა? საქართველოშია?“

„სასწრაფოდ დაბლოკეთ ეს პედოფილი. წაშალეთ ფოტოები. ვიღაც მანიაკია“.

„რამდენს წაშლი და რამდენს დაბლოკავ. სადაა შინაგან საქმეთა სამინისტრო? რა ხდება ეს?“

„ვინ არის, რატომ არ ინტერესდება შსს?“

„მიხედეთ ამ საქმეს, პედოფილების ჯგუფია ეს და მისი სამეგობრო“.

„შსს, დრო არ არის, რომ მიხედოთ ამ საქმეს? ვერ ხედავთ, რა ხდება?“

„თუ კიდევ იპოვით ასეთ გვერდებს, მომწერეთ, ოფიციალურ წერილს ვამზადებ“.

„ვიცი დანარჩენი გვერდებიც“.

„როდესაც ფოტოებს დებთ და უთითებთ ფუნქციას – „ყველასთვის“, შეუძლია, უცნობმაც გააზიაროს. ასე აკეთებს ესეც. თან ამ გვერდს თუ დაბლოკავენ, სხვა არაერთი ექაუნთი აქვთ, 3-4, თუ არ ვცდები“.

„წავაშლევინე ბავშვებს თავიანთი ფოტოები. იდიოტი პედოფილია, არაადამიანი, გარეწარი“.

„პროფილი გაუსაჩივრეთ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციაში და დაბლოკავენ“.

„ეს ნაბიჭვარი ვინ არის? ქართველი არასრულწლოვანი ბავშვების ფოტოები აქვს გაზიარებული, მიაქციეთ ყურადღება“.

„როგორ მოვძებნო ეს ვირთხა, დამეხმარეთ, ხალხო. ამის მოდგმა უნდა ამოვწყვიტო. ჩემი შვილის სურათი უდევს“.

ამავე პიროვნებაზე ბავშვების მშობლები ერთ-ერთ „ფეისბუკ“-ჯგუფშიც წერენ.

„ამ ავადმყოფის გვერდს გადავაწყდი, ქართველი ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით. აღმაშფოთებელი კი არა, კატასტროფაა. რა ვქნა, ვის მივმართო? გადახედეთ, იქნებ გეცნოთ ბავშვები!“ – წერს ერთ-ერთი ქალბატონი ჯგუფში, სადაც თემას სხვა მშობლებიც გამოეხმაურნენ.

„რა შეკვეთებს იღებს?“

„ბავშვებით ვაჭრობის, სავარაუდოდ. ირანელები უკომენტარებენ და უწონებენ ფოტოებს“.

„ვინმემ არ იცის ეგ ენა, რომ თარგმნოს კომენტარები?“

„შსს-მ უნდა თარგმნოს და მიხედოს ამ პედოფილს“.

„პრაიმტაიმი“ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სავარაუდო პედოფილიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია. საქმეში, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურიც არის ჩართული, თუმცა შსს-ში ამ ეტაპზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ.

„სოციალურ ქსელებში კონკრეტული FB პროფილის საეჭვო აქტიურობის შესახებ მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს  შესწავლა და გრძელდება დაკვირვება. სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის“, – აცხადებენ შსს-ში.