"კანონიერი ქურდები", რომლებთან კავშირის ბრალდებით საქართველოში ექვსი პირი დააკავეს

12:03 06-18-2018
3198

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოს მასშტაბით ექვსი პირი დააკავა. კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ბრალდებულებს ახლო კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებთან", კერძოდ: 

"ზესტაფონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან, „კანონიერი ქურდის“ - ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.

ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

53 წლის "კანონიერი ქურდი" ფრიდონ სულაქველიძე კრიმინალურ წრეებში "პაწუა ზესტაფონსკის" სახელით არის ცნობილი. ის ბოლო სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა, რომელიც  "Владимирский централ"-ის სახელით არის ცნობილი. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ასევე დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული, ჯ.ო. ირკვევა, რომ აღნიშნულ ჯგუფს თურქეთიდან აკონტროლებდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი", საქართველოს მოქალაქე ნადირ სალიფოვი, მეტსახელათ "ლოტი გული". 

"სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ", - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

ნადირ სალიფოვთან კავშირზე მყოფი ქურდული სამყაროს წევრები ქართველმა სამართალდამცავებმა ამ დრომდეც არაერთხელ დააკავეს, მათ შორის 2013 წელს, როდესაც დმანისში ხუთკაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფს აზერბაიჯანის ციხიდან სწორედ ნადირ სალიფოვი მართავდა. აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნადირ სალიფოვი 2017 წლის 25 ოქტომბერს, მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და მას შემდეგ სტამბულში დასახლდა, სადაც ის ყოველდღიურად აფართოებს გავლენის სფეროებს. ბოლოს სალიფოვის სახელმა 2017 წლის სექტმებერში, თბილისში, კერძოდ კი აბანოთუბანში მომხდარი მკვლელობის საქმეში გაიჟღერა. რესტორან "მასპინძელოსთან" "ლენდ კრუიზერის" მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს "ლოტი გულის" მარჯვენა ხელი ელშან მამედოვი. მოგვიანებით, მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი, სრულიად სხვა ბრალდებით სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული გ.ე-ც დააკავეს. ის ქართველი სამართალდამცავების მიერ 2007 წლიდან იძებნებოდა.

"დაკავებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“)" - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

"კანონიერი ქურდი" ზაზა ელიკაშვილი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის კანონდმებლობით გაასამართლეს. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. მასთან ერთად ასევე გაასამართლეს ევროპის მასშტაბით ჩატარებული ბოლო სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 34 პირი, რომელთა შორის 30 მამაკაცი და 4 ქალია. ამავე საქმეზე საფრანგეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცნობილ "კანონიერ ქურდს" კახა შუშანაშვილს.