„განათხოვარი, შვილიანი ქალის სტატუსი ყოველთვის მაკომპლექსებდა“ - ნინი შერმადინი ევროვიზიაზე მიდის? – exclusive

11:34 06-18-2018
3405

ნინი შერმადინი უკვე 2 თვეა საქართველოს სტუმრობს. მას მერე, რაც მომღერალი ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ეს მისი ყველაზე გრძელვადიანი ვიზიტია სამშობლოში. როგორც შევიტყვეთ, ნინი საქართველოში დარჩენას კიდევ რამდენიმე თვით აპირებს. წინ დიდი გეგმები აქვს, მათ შორისაა მზადება ევროვიზიისთვის. მომღერალს სურვილი აქვს, საქართველოს სახელით წარდგეს ევროპის ყველაზე პოპულარულ კონკურსზე. ნინისთან ინტერვიუ ძალიან ლამაზ გარემოში ჩავწერეთ. ჩვენი მასპინძელი საკონდიტრო ბუტიკი „ბალთაზარ ჩერი“ გახლდათ.

– ძალიან მომეწონა აქაურობა, დარჩენას ვფიქრობ უკვე (იცინის), საქანელებიანი კაფე პირველად ვნახე, ბავშვობაში დავბრუნდი.

– ბოლოს როდის იჯექი საქანელაზე, გახსოვს?

– კი, ჩემს შვილთან ერთად ვიყავი ახლახან ერთ-ერთ პარკში. 

– შვილთან, რომელიც ყველაზე მეტად გენატრება, ალბათ, ამერიკაში...

– რა თქმა უნდა, მარიამია ყოველთვის ჩემი საქართველოში გამოქცევის მიზეზი...

– გავიგე, რომ მარიამიც ამღერდა...

– ადრე დიდი მონაცემით არ გამოირჩეოდა და ძალიან მწყდებოდა გული. ჩემი შვილი როგორ ვერ მღერის-თქო, ვფიქრობდი. ახლა ამღერდა. ეს ჩემი დამსახურებაც არის, მისი პედაგოგის ნანა დაუშვილისაც და თავისი – პირველ რიგში. მონდომებულია და ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. 

– მისთვის ავტორიტეტი ხარ, ალბათ...

– კი, ჩემი რიდიც აქვს, სულ თვალებში მიყურებს, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კონკურსზე იმღერა და ჩამოვიდა თუ არა სცენიდან,  ჩემთან მოირბინა და, კარგი იყოო, მკითხა. „კი“-ს ელოდება და მერე ბედნიერია. 

– ამჯერად დიდი ხნით გაჩერდი საქართველოში. ამის მიზეზი რა არის?

– 2016 წელს ვიყავი დიდი ხნით ჩამოსული, რადგან ჩემი პირველი სადებიუტო ალბომი ჩავწერე. მერე დავბრუნდი ამერიკაში, სადაც ბანკში ვმუშაობ, ვმღერი, მყავს მოსწავლეები, ვმღერი სხვადასხვა ივენთებზე.

– ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ბანკში თუ იმუშავებდი...

– მათ შორის, ვერც მე. მაგრამ აღმომაჩნდა ეს ეკონომიური მიდრეკილება. ვისწავლე, გავიარე კურსები, რაღაც ჩემი პროფესიისგან განსხვავებული მინდოდა. ჩვენს პროფესიაში, სამწუხაროდ, ასეა, გარკვეულ ასაკამდე მღერი, მერე სხვა პროფესია უნდა შეითავსო ან ნანი უნდა იყო ბრეგვაძე, რომ მთელი ცხოვრება სცენაზე იდგე. 

– ძალიან ადრე ხომ არ დაიწყე ასაკზე საუბარი?

– არა, არა, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ. ახლა ვიწყებ ყველაფერს. მაგრამ მეორადი სამსახური, სტაბილური შემოსავალი მჭირდებოდა, რომ საკუთარ თავს, შვილს, ოჯახს, კარიერას მივხედო. ბანკში მუშაობა ძალიან დამეხმარა ენის სწავლაში, პიროვნულად გამზარდა.

– ქართველი მომხმარებლებიც გყავს ბანკში?

– კი და ძალიან საყვარლები არიან. მაკვირდებიან ხოლმე, თავიდან ვერ მცნობენ. იქ ჩვენი უნიფორმა გვაქვს და ნაკლები მეიქაფი გვიკეთია. განსაკუთრებული წესებია ბანკში. გრძელი ფრჩხილი, ფერადი მანიკიური არ შეიძლება, ქუსლზე უნდა იდგე და დახურული პერანგი გეცვას. პირველი ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა, ყოველდღე მოვდიოდი სამსახურიდან, მერე შევეგუე ამ წესებსაც და რეჟიმსაც. პარალელურად არის სიმღერაც. პარასკევი, შაბათი და კვირა ვმღერი სხვადასხვა რესტორნებში. იქაურ შოუბიზნესში მომღერალი ფასდება, მაგრამ უნდა გახდე იმ შოუბიზნესის წევრი. ძალიან დიდხანს ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. აქედან მარტივია ლაპარაკი და ფიქრი. რატომღაც მეგონა, რომ წავიდოდი ამერიკაში, გავიდოდი კონკურსზე, აღმომაჩენდნენ და ეგრევე წითელ ხალიჩებს დამიგებდნენ და მარტივად მოვიდოდა ჩემთან ყველაფერი, რადგან ამერიკა ოცნების ქვეყანაა, მაგრამ...  ყველაზე რთული იქ თავის დამკვიდრებაა. ნიუ-იორკი ყველაზე დინამიკური შტატია. ერთი დღე თუ ჩააგდე, ერთი თვით უკან იხევ, დრო არაფერში არ გყოფნის. ფეხი უნდა აუწყო. ენა უნდა იცოდე ძალიან კარგად, რომ საკუთარი თავის წარმოჩენა შეძლო. 

– შენი საქართველოში დიდი ხნით ჩამოსვლის მიზეზზე ვსაუბრობდით...

– ვთქვა? ძალიან სენტიმენტალური ამბავია... რეალურად ორი კვირით ჩამოვედი, როგორც ჩამოვდივარ ხოლმე. რომ ჩამოვედი, მარიამმა მკითხა, როდის მიდიხარო. ორ კვირაში-მეთქი, ვუთხარი. ორი კვირა რამდენიაო, 14 დღე-მეთქი, დავუკონკრეტე. შევამჩნიე, რომ თვალები აუწყლიანდა. ვეცადე, არ შემემჩნია. ოთახში შევიდა და ჩუმად შევყევი. ვხედავ, რომ რაღაცას წერს. 

– კალენდარი გააკეთა?

– ჰო, კალენდარი გააკეთა და ყოველ დღე დღეებს ხაზავდა, რომ გაეგო, რამდენი დღე დარჩა ჩემთან ურთიერთობისთვის. ეს ძალიან გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ამხელა ემოციური დარტყმა არასდროს არ მიმიღია. არაფერი არ მიღირს ჩემი შვილის ცრემლების ფასად. 30 წლის ვხდები. ამ ასაკში უფრო მეტად ხვდები დედაშვილობის ფასს. აქამდე თითქოს დაქალები ვიყავით. თავიდან, რომ გავაჩინე, საერთოდ სათამაშო მეგონა. თავად გვიან გავიზარდე, გვიან დავქალდი. მოკლედ, შვილზე ვიფიქრე და კიდევ იმაზე, რომ ჩემს ქვეყანასაც მონატრებული ვყავარ. ძალიან ბევრი წერილი მომდის სოციალურ ქსელში. მწერენ, აღარ მღერიო? სულ წახვედიო? ვკითხულობ კომენტარებს, – რა კარგად მღეროდა და როგორ აღარ ჩანსო. მე ჩემს ქვეყანას არ გავუგდივარ საქართველოდან, ჩემი სურვილით წავედი, რომ მეტი მესწავლა, გავზრდილიყავი პროფესიონალად, გამოცდილება მიმეღო, საკუთარი თავი გამომეცადა, რამდენად ძლიერი და შრომისუნარიანი ვიყავი. მე დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ ძლიერი ვარ და შემიძლია. იქაც შემდგარ ადამიანად ვგრძნობ თავს. ბროდვეიზე ვიმღერე, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ვიმღერე და საქართველოში არ გაშუქდა. ძალიან ბევრ ჟურნალისტს ვწერდი იქიდან, ვიდეომასალასაც ვაწვდიდი, მაგრამ... არ მინდა სახელები დავასახელო, ტელევიზიებს ვუკავშირდებოდი, მაგრამ... მე არ ვარ იქ მხოლოდ რესტორნის მომღერალი, ვწერ სიმღერებს, ვიღებ კლიპებს აქტიურად ვმუშაობ კარიერის კუთხით.

– ვიცი, რომ ევროვიზიისთვისაც დაწერე სიმღერა. გასვლას აპირებ?

– ვგრძნობ, რომ სწორედ ახლა ვარ მზად ამისთვის. ადრეც მიცდია ევროვიზიაზე გასვლა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ასეთი მომზადებული მაშინ არ ვიყავი. არც ვოკალურად. წინა ლაივებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან გავიზარდე. აღარ მაქვს ზედმეტი ღელვა, მერყევი ბგერები. დავბერდი სცენაზე, ჩემს საკუთარ სიმღერებს ვწერ, ტექსტებსაც. ბევრი კრიტიკოსის ხელში გაიარა ჩემმა სიმღერებმა ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ყველგან მოწონებას იმსახურებს. ამან გამათამამა.

– ამ სიმღერას ევროვიზიის სიმღერა რატომ დაარქვი?

– ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩვენს „ირიაოს“. ეს ციებ-ცხელება მეც გადმომედო. სოფო ხალვაშთან ვიჯექი სტუდიაში, მუზა რომ მომივიდა. ტექსტიც და მუსიკაც იქვე ჩავწერეთ. არ მინდა გამოვუშვა, ვინახავ მომავალი წლისთვის. ძალიან მინდა, ამ სიმღერით გავიდე ამ კონკურსზე.

– როგორი წინათგრძნობა გაქვს, თუ სწორედ შენ მოგიწია გასვლამ ევროვიზიაზე?

– დროა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს „ევროვიზია“. ამის თქმის საბაბი მაქვს. ეს არ არის მხოლოდ წასვლა და კარგად მღერა. მასე ყოველ წელს კარგად ვმღერით ევროვიზიაზე. აქ კიდევ სხვა გათვლებია. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში გამიცნეს. ესენია: სომხეთი, საბერძნეთი, გერმანია, კვიპროსი, იტალია. იტალიაში ახლა დუეტს ვწერ რობერტო პიგნატოროსთან ჩემს საკუთარ სიმღერაზე. ეს არის ბიჭი, რომელიც იტალიის ვოისში გამოდიოდა, პარალელურად გახლავთ „დოლჩე გაბანას“ სახე. სწორედ ამ კომპანიის ფოტოგრაფები იმუშავებენ ჩვენს კლიპზე. ახლა მივდივარ ბულგარეთში, სადაც სილამაზის ერთ-ერთ კონკურსს გავხსნი. ასე რომ, მხარდაჭერა მექნება იმ ქვეყნებიდან, სადაც მიცნობენ და ვუყვარვარ. 

– პირადში რა სიახლეები გაქვს? ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, ალბათ, ამერიკაშიც...

– ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მათ შორის არიან კარგი ბიჭებიც. მაგრამ იქ ამის დრო მართლა არ მაქვს. 

– სიყვარულს დროს და საათი რომ არ აქვს...

– კარგი, რაღა დროს ჩემი სიყვარულია. 17 წლის ხომ აღარ ვარ (იცინის)... შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მყავდეს. პირველად ვამბობ ამას. არ ვიცი, ალბათ, არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც დამაინტერესებდა, ან მე გავხდი ზედმეტად ფრთხილი, ბანკის თანამშრომელი, დავარცხნილი და რომანტიკა უკან გადავისროლე. ზედმეტი მომივიდა, საქმეზე ორიენტირებული და კარიერისტი გავხდი. სამაგალითო დედა მინდა ვიყო, მინდა ყველაფერი ის ჰქონდეს მარიამს, რაც მე მაკლდა და, ალბათ, უკანა პლანზე გადავიდა ჩემი პირადი. 

– რას მიიჩნევ ქართველი მამაკაცების მთავარ ნაკლად?

– გეტყვი, მე რა მაკომპლექსებდა ყოველთვის – განათხოვარი, შვილიანი ქალის სტატუსი. გავიზარდე ოჯახში, სადაც ეს მენტალიტეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემისთვისაც და დედაჩემისთვისაც მეორე ქორწინება იყო. მე ვარ მათი საერთო შვილი და 30 წელია, ერთად არიან. თვითონ დავიკომპლექსე საკუთარი თავი, განათხოვარი, შოუბიზნესში მოღვაწე ქალი ვის უნდა ოჯახში-მეთქი, ვფიქრობდი. ადამიანი კედელს რომ აღმართავ შენ წინ, მერე ძნელია, ვიღაცამ ამ კედელში შემოაღწიოს.

– იმედი მაქვს, რომ ვიღაც აუცილებლად დაანგრევს ამ კედელს. ვიცი, რომ წინ დიდი გეგმები გაქვს და წარმატებებს გისურვებ.

– დიდი მადლობა. კლიპი გადავიღეთ სვანეთში ჩემს ახალ სიმღერაზე და მალე მოგიწვევთ პრეზენტაციაზე.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი