"სავარაუდო შურისძიება ბიძაშვილის დაპატიმრების გამო" - რა გახდა ქობულეთში პოლიციის უფროსის მკვლელობის მოტივი?

14:02 06-15-2018
1398

ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს. ბრალდებულის სახით უკვე დაკავებულია 28 წლის ბესიკ ტაკიძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს, მურად ანთაძეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

ჩვენი ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში ბესიკ ტაკიძის ბიძაშვილი რევაზ ტაკიძე ყაჩაღობის ბრალდებით სწორედ მურად ანთაძემ დააკავა. მაშინ ტაკიძეების ოჯახი, მათ შორის ბესიკ ტაკიძე მურად ანთაძეს და ადგილობრივი პოლიციის სხვა თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდა და ირწმუნებოდა, რომ რევაზ ტაკიძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ამ მიზნით ბესიკ ტაკიძე და მისი ახლობლები ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. მათ პროტესტის ნიშნად  შიმშილობის აქციაც მოაწყვეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწორედ ეს ფაქტი გახდა წუხელ პოლიციელ მურად ანთაძის მკვლელობის მოტივი. გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ, სამი წლის წინ, ბიძაშვილის დაპატიმრების გამო მურად ანთაძეზე განაწყენებულმა ბესიკ ტაკიძემ სავარაუდოდ შური პოლიციელის მკვლელობით იძია. 

ასევე ადგილობრივების გადმოცემით, ღამის საათებში, ქობულეთის რაიონ სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ირკვევა, რომ მათან მისულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბესიკ ტაკიძემ, იქ მყოფი პოლიციელები ჯერ სახლში საქეიფოდ მიიპატიჟა, რაზეც პოლიციელებმა უარი განუცხადეს, შემდეგ კი, ტაკიძემ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს მურად ანთაძეს მოულოდნელად ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.