"ქუჩაში მტოვებენ ბავშვებიანად" - დევნილების აქცია ზუგდიდში

13:58 06-14-2018
206

ზუგდიდში დევნილებმა, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ისინი ახსნა-განმარტებას იმ კონკრეტული პირებისგან ითხოვენ, რომლებიც ბინების გაცემასა და შესაბამის დოკუმენტაციას კურირებენ.

როგორც ისინი ამბობენ, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, რომლის დასტურადაც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ, რომ შენობა, რომელშიც იმყოფებიან ავარიულია, თუმცა, მათივე მტკიცებით, ამის მიუხედავად, დაბალი ქულები მიიღეს და ბინების გარეშე დარჩნენ.

"ნგრევად შენობაში ვცხოვრობ. ორი წელია ასე ვწვალობ. მანუჩარ ჩილაჩავას თავშესაფრის თხოვნითაც მივმართე, მაგრამ არ დამიკმაყოფილა. ბინის ქირის ფულიც არ არის დარიცხული. ქუჩაში ვცხოვრობ, ამ სახლში უკვე ბავშვებისთვის კი არა ჩვენთვისაც გაუსაძლისი პირობებია. შენობა, სადაც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და აგურები თავზე დამეცეს. ქუჩაში მტოვებენ ბავშვებიანად. მეუბნებიან დამშვიდდიო, კიდევ ექვსი კორპუსი შენდებაო. როგორ დავმშვიდდე, მაგიდა და სკამიც კი არ მაქვს, ტარაკნებითა და ვირთხებითაა სავსე შენობა. აქ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბინები, რომლებიც ჩვენთვის უნდა მოეცათ გაყიდეს", - განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა ანა ხოფერიამ "პრაიმტაიმთან" საუბრისას.

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, მურად აბლოთიას უკმაყოფილო ადამიანების პროტესტი არ უკვირს, რადგან 6 000 განაცხადიდან მხოლოდ 240 დაკმაყოფილდა. მისი განმარტებით, დევნილები, რომლებიც არასაკმარისი ქულების გამო ბინებით ვერ დაკმაყოფილდნენ, საცხოვრებელს მომავალ წელს მიიღებენ.

"განაცხადი შევსებული ჰქონდა 6 000 ოჯახს, ჩვენ დავაკმაყოფილეთ 240 დევნილი ბინით. ვინც ნგრევად ობიექტებში ცხოვრობენ, ქულების მიხედვით მოხვდნენ იმ 139 დევნილში, რომელიც  "სოფლად სახლის" პროგრამას მოიცავს. შესაბამისად, როცა 6 000 ოჯახიდან მხოლოდ 240 მიიღებს ბინას, უკმაყოფილო ადამიანები თავისთავად იქნებიან, მაგრამ ყველა ამ ოჯახს ჩვენ შევხვდებით, ინდივიდუალურად განვუმარტავთ მდგომარეობას და ალტერნატიულ შესყიდვების შესაძლებლობას განვიხილავთ", - განმარტა მურად აბლოთიამ.

აქციის მონაწილე დევნილებმა  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე არიან მობილიზებული.

ავტორი: მზეკო ჟვანია