საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ეუთოს არცერთ ქვეყანას არ უღიარებია - რუსეთი გამონაკლისი წესიდან

12:01 06-04-2018
75

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ასე ღიად და სახალხოდ, მგონი, პუტინსაც კი არ უთქვამს ასადისთვის მადლობები. აფხაზეთისა და ცხინვალის ოფიციალურმა პირებმა ლამის მუხლიც კი მოიდრიკეს მის წინაშე. ბაშარ ასადმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. მერე რა, თუ ასადი მსოფლიო მნიშვნელობის დამნაშავეა და მას ბრალად ედება ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ? ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირი ამ აქტს მაინც ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და ასადს მადლობებით ავსებს. გასაგებია, ასადი რუსეთის მოკავშირეა და ომში სწორედ მის რეჟიმს უჭერს მხარს. რომ არა მოსკოვის ამ ომში აქტიურად ჩართულობა, არც აღიარება იქნებოდა. 

ბაშარ ალ ასადის გადაწყვეტილება პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ რადიო „თავისუფლების“ რუსული რედაქციის ეთერში ასე შეაფასა: „ასადი ახლა იმგვარ მდგომარეობაშია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება კი არა, რომელიმე რუსმა გენერალმა ერთი ღამით ცოლი რომ სთხოვოს, იმასაც დაუთმობს“. 

ისტორიკოს დავით გამცემლიძის შეფასებით:

„ასადმა თავად შექმნა მომაკვდინებელი პრეცედენტი, რომელიც მისი ამორფული სახელმწიფოს საბოლოო გაქრობის წინაპირობა შეიძლება გახდეს: სირია ისედაც დაშლის პირასაა! უამრავი სახელმწიფო იქნება მზად, მისი რეგიონების „დამოუკიდებლობა“ აღიაროს, ხოლო ასადი ვეღარ დაიჩივლებს „სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს რატომ არღვევთო“, რადგან თავად დაარღვია ეს პრინციპი საქართველოს მიმართ.

 თუმცა აქ ისიც ნიშანდობლივია, როდის ცნო მან ჩვენი ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონთა დამოუკიდებლობა: არა 3 წლის წინათ, როდესაც საკუთარი ქვეყნის 20%-ს ძლივს აკონტროლებდა, არამედ დღეს, როდესაც რუსეთისა და ირანის სამხედრო მხარდაჭერით, უკვე ტერიტორიის 70-80%-ს აკონტროლებს და იმედი აქვს, მათივე დახმარებით ამ კონტროლს შეინარჩუნებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ დამასკოსა და თბილისს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხნის წინათ „გაცივდა“: დაახლოებით 2005-2006 წლებში, როდესაც საქართველომ მჭიდრო კავშირი დაამყარა ისრაელთან, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით.  ხოლო სირია ჯერ კიდევ ამჟამინდელი „პრეზიდენტის“ მამის, ჰაფეზ ალ ასადის დროიდან, საკუთარ მისიად მიიჩნევს ებრაული სახელმწიფოს განადგურებას! არანაკლებ, ვიდრე ირანი. ირანსა და სირიას შორის სტრატეგიული კავშირის საფუძველი არა მხოლოდ შიიზმი და შიიზმთან დაკავშირებული ალავიტური რელიგიური განშტოებაა, არამედ ისრაელთან მტრობაც“.

საინტერესოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ეუთოს არცერთ ქვეყანას აღიარებული არ აქვს. დავით გამცემლიძის შეფასებით, ეს პრესტიჟული ორგანიზაციაა გაეროსგან განსხვავებით, მსოფლიოს ბედს ისინი წყვეტენ. ეს არის ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და პოსტსაბჭოური სივრცე. რუსეთი ყველგან გამონაკლისია, ეუთოშიც... 

„შეიძლება თუ არა სირიას მიბაძონ სხვა არაბულმა ან მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა? არა, იმავე მიზეზით: ასადის კატასტროფული არაპოპულარობისა და იზოლირებულობის გამო სუნიტური „ოიკუმენადან“, რომელიც მაჰმადიანთა უმრავლესობას აერთიანებს.

მაგრამ იქნებ ისევ და ისევ შიიტური ირანი? კვლავ არა, რადგან თეირანს არაფრის დიდებით არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა. თეირანს გრძელვადიანი და ძალიან ჭკვიანური სტრატეგია აქვს სამხრეთ კავკასიაში, რაც განპირობებულია, ჯერ ერთი, ისტორიული მიზეზებით, ანუ თურქეთთან  და რუსეთთან გეოპოლიტიკური პაექრობით და, ასევე, „ენერგეტიკული დერეფნების“ გარშემო თამაშით. საქართველო კი, მადლობა ღმერთს, ამ რეგიონის „გასაღებია“. თეირანში ეს ძალიან კარგად იციან.

სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირებაა, რომ თბილისი ამ საკითხში ახორციელებს ე.წ. „ჰალშტეინის დოქტრინას“ (Hallstein-Doktrin), რასაც გერმანია ატარებდა ე.წ. „გდრ“-ის მიმართ, როდესაც დაუყოვნებლივ წყვეტდა დიპლომატიურ ურთიერთობას ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც „გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას“ აღიარებდა.

ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე რადიკალურიც კია, რადგან Hallstein-Doktrin-ის მიუხედავად, ბონი ოკუპანტ ქვეყანასთან (სსრკ – იგივე „წითელი რუსეთი“) მაინც ინარჩუნებდა დიპლომატიურ ურთიერთობას.

1970 წლებში, როცა „გფრ“-ის სათავეში მემარცხენეები მოვიდნენ, გერმანიამ „ახალი აღმოსავლური პოლიტიკა“ შეიმუშავა და თავად ცნო „აღმოსავლეთი გერმანია“, საელჩოც გახსნა. შესაბამისად, Hallstein-Doktrin გაუქმდა.

იმედი ვიქონიოთ, საქართველო არ გახდება იძულებული, იმავე გზით წავიდეს აფხაზეთის მიმართ, რადგან გერმანიაში „საზღვრის“ ორივე მხარეს გერმანელები ცხოვრობდნენ, ჩვენთან კი სხვა რეალობაა. ასადის „პირსისხლიანობა“ და „პირუტყვობა“ კი ხმას ჩააკმენდინებს იმ საკმაოდ გავლენიან ძალებს დასავლურ (პირველ რიგში, ევროპულ) ისტებლიშმენტში, რომლებიც ჩუმჩუმად „კუდს უქიცინებენ“ სეპარატისტებს და „რამე რომ იყოს“ საქართველოსაც მოსთხოვდნენ, უარი თქვას Hallstein-Doktrin-ზე“. – ამბობს დავით გამცემლიძე. 

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ქართული დიპლომატია არ უნდა მოდუნდეს:

„მოდუნება მაინც არანაირად არ შეიძლება. ქართულ დიპლომატიას მრავალი კოზირი უჭირავს ხელში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ეს არის ეუთო-ს სამიტის რეზოლუცია აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის შესახებ (შევარდნაძის დროინდელი მიღწევა), ეს არის ვაშინგტონის მხრიდან მხრიდან აფხაზეთსა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ოკუპაციის აღიარება (როგორც სააკაშვილის, ასევე ახლანდელი ხელისუფლების მიღწევა). ეს წაფორხილება, წესით, იზოლირებულ შემთხვევად უნდა დარჩეს და დიდი გავლენა ვერ უნდა მოახდინოს აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსზე. სამაგიეროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ იგი გამოფხიზლების სიგნალად იქცევა მათთვის, ვისთვისაც საჭიროა.“

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განმარტებით, სირიის აღიარება აფხაზური დიპლომატიის მძიმე შრომის შედეგია. ირონიას იწვევს ეს ფრაზა, რა თქმა უნდა. 

გაზეთი "პრაიმტაიმი"; N 473; 4 ივნისი; 2018 წელი