მარიამ ჯაში რელიგიების სწავლებას სკოლებში მიესალმება - სკოლებში რელიგიების სწავლებაზე, სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს

12:27 05-29-2018
52

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სკოლებში რელიგიების სწავლას მიესალმება:

"რელიგიების სწავლებას სკოლებში მივესალმები, რადგან თანამედროვე სამყაროში რელიგიების სახელით წარმოებული კონფლიქტების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეოლოგიის საწყისებში ჰქონდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ცოდნის თვალსაზრისით. სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართული არ ვიქნები, თუმცა არაერთხელ დამიდასტურებია ჩემი მზაობა, განვიხილო ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი და ხელი შევუწყო, როგორც განათლების სისტემას, ასევე სხვადასხვა კონფესიებს და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ სწორი ინფორმაცია პედაგოგების მეშვეობით მივაწოდოთ ბავშვებს სკოლებში განათლების სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ფარგლებში" - განაცხადა ჯაშმა. 

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიების სწავლების საკითხზე მსჯელობისთვის შექმნილი სპეციალური ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბება და მიზნებს შეაჯერებენ:

"რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე ფორმირებულია. მათ დაიწყეს მუშაობა მიზნების შეჯერებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება კონცეპტუალურ ხედვაზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცალკეულ დეტალებზე მსჯელობა და სასწავლო პროგრამების მომზადება. 

ჯგუფში ყველა კონფესიის წარმომადგენელია მოწვეული და დღეს ექნებათ პირველი შეკრება",- განაცხადა გიგაურმა.

ავტორი: ნინო რაზმაძე