ემუქრება თუ, არა თანამდებობის დატოვება ზუგდიდის #5 საჯარო სკოლის დირექტორს?

18:36 05-28-2018
185

სპეციალური რეპორტაჟი სამეგრელოდან

ზუგდიდის #5 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ტრადიციული საზეიმო ღონისძიებით ვერ აღნიშნეს. დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ მე-12 კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის ჩატარება მხოლოდ იმ მიზეზით აუკრძალა, რომ ისინი 24 აპრილიდან ბოლო ზარის დღემდე საგაკვეთილო პროცესებს სრული შემადგენლობით არ ესწრებოდნენ. თუმცა, როგორც ხსნიან, განათლების მინისტრის ბრძანებულების თანახმად, ეროვნული გამოცდების სამზადისში მყოფი მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრება მათ ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.

ბოლო ზარის აკრძალვით განაწყენებულმა მოსწავლეებმა დირექტორის გადაწყვეტილების მართებულობაში დასარწმუნებლად და თავიანთი უფლებების დასაცავად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციას მიმართეს. პრაიმტაიმი საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკადუას ესაუბრა. იურისტის თქმით,  არსებობს ზოგადი განათლების შესახებ კოდექსი, სადაც ნათლადაა საუბარი იმაზე, რომ სკოლაში არსებული სერვისის მოხმარების თანაბარი უფლებები აქვთ როგორც სკოლის მოსწავლეებს, სე მასწავლებლებსა და მშობლებს.

რამდენად შეიძლება გაკვეთილებზე დაუსწრებლობა ბოლო ზარის აკრძალვის მთავარ მიზეზად ჩაითვალოს?

– უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილიდან მე-12 კლასის მოსწავლეს თავისუფალი დასწრებით სარგებლობის უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინაიდან მოახლოებულია ეროვნული გამოცდები, აღნიშნულ პირებს უფლება ჰქონდათ, არ დასწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ეს არ ჩაეთვლებოდათ გაცდენად. შესაბამისად, არგუმენტი, რომელიც დირექტორმა დაასახელა, არ უნდა გამხდარიყო ბოლო ზარის ჩატარების აკრძალვის მიზეზი.

ამ შემთხვევაში ირღვევა თუ არა მოსწავლეების უფლებები?

– თუ საუბარი ეხება 24 აპრილის შემდეგ არსებულ გაცდენებს, რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეები აბსოლუტურად სწორად იქცევიან, რადგანაც ეს მათი უფლებაა, რომელიც განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიენიჭათ და დირექტორის აკრძალვა, ბოლო ზარის ჩატარებასთან დაკავშირებით, არსებული არგუმენტის თანახმად, დაუშვებელია.

ზუგდიდის #5 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და პრაიმტაიმთან საუბრისას განმარტავს, რომ მისი მხრიდან მოსწავლეების მისამართით ბოლო ზარის ჩატარებისთვის არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. უფრო მეტიც, დოდო ცქვიტაია ამბობს, რომ წლევანდელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ღონისძების ჩატარებისთვის გეგმაც კი არ ჰქონიათ შემუშავებული.

– კატეგორიულად უარვყოფ მოსწავლეებისა და მშბლების ბრალდებას. არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. მათ ბოლო ზარი დაგეგმილი არც ჰქონიათ. უნდოდათ სკოლის ეზოში კონცერტის მსგავსი რაღაც გაეკეთებინათ. არც გარე და არც შიდა პერიმეტრი მათთვის დახურული არ ყოფილა. მე იმ დღეს ვიჯექი ოთახში და უბრალოდ, არ ვმონაწილეობდი მათ ღონისძიებაში.

მოსწავლეები ამბობენ, რომ ბოლო ზარის აკრძალვის მიზეზი მათ მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა იყო. თუმცა, მათი თქმით, მოსწავლეებს ამის სრული უფლება ჰქონდათ...

– საზოგადოების აზრს ქმნით თქვენ, ჟურნალისტები, და მე კატეგორიულად მოვითხოვ ამ ფაქტის ბოლომდე გამოკვლევას. ავკრძალე კი არა, ისიც ვთქვი, რომ რა იქნებოდა ამ ბავშებს ერთი აკადემიური ბოლო ზარი ჩაეტარებინათ სცენაზე-თქო! ის, რომ თითქოს მე მათ ბოლო ზარის ჩატარება ავუკრძალე, არის ტყუილი. ამ კლასში ბევრნი არიან მშობელი პედაგოგები, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში, ესენი ქმნიან კლიმატს და გარემოს, მობრძანდნენ და მითხრან, რა ჰქონდათ დაგეგმილი და რისი გაკეთების უფლება არ მივეცი მე?!

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც საკლასო ოთახის კარებს ბოქლომი ადევს...

– კი, ფეისბუკის გვერდზე უდევთ ფოტო, სადაც კარებს ბოქლომი ადევს. მერე რა, რომ ბოქლომი ადევს?! მე მათ როცა გასაღები მთხოვეს, მივეცი.

2003 წელსაც აკრძალეთ ბოლო ზარის ჩატარება. მაშინ რა იყო მიზეზი?

– ძალიან ცუდი ანგარიშსწორების დრო შემირჩია იმან, ვინც ეს ამბავი გაავრცელა. რთულია გაიხსენო, რა მოხდა 2003 წელს, მაგრამ, როგორც შემახსენეს, თვითონ დამრიგებელი იყო განაწყენებული, ხლაპუშკები შეუგდეს მასწავლებელს კლასში. როგორც მითხრეს, მე იქ არაფერ შუაში ვიყავი. მაგრამ შეიძლება მეც გავნაწყენდი, რომ დამრიგებელს გული ატკინეს, მსჯით ამის გამო?! რატომ იყო ეს ადამიანი ჩასაფრებული 15 წელი?! გამოღმიდან რატო მედავება, მოვიდეს!

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კახა ფარცვანიამ განაცხადა, რომ დირექტორსა და მოსწავლეებს შორის არსებულ უთანხმოებაზე პრაიმტაიმის ვებგვერდიდან გაიგო, რის შემდეგაც #5 საჯარო სკოლაში მივიდა და სიტუაციაში გარკვევას შეეცადა. რესურსცენტრის უფროსი დეტალებზე საუბარს ერიდება, თუმცა აღნიშნავს, რომ მოკვლევა დაწყებულია და ის აქტიურ ფაზაში მხოლოდ გამოცდების დასრულების შემდეგ შევა, სწორედ მოკვლევის შედეგზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა დოდო ცქვიტაია ისევ ზუგდიდის #5 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.

– როგორ შეიძლება გითხრათ ის, რაც არ ვიცი? ჯერ მოკვლევა არ დამისრულებია. იქნებ ბავშვები ტყუიან, ან იქნებ დირექტორი არ ამბობს სიმართლეს. საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ძალიან აქტუალური თემაა საქართველოში და შესაბამისად, მე ბრალს ვერავის დავდებ. მსგავსი ამბები უმიზეზოდ არ ხდება. ყელაფერს მოკვლევის შედეგები გვიჩვენებს.

ბავშვები დირექტორის გადადგომას ითხოვენ...

– ეს უკვე დამოკიდებული იქნება დანაშაულის სიმძიმეზე. ანუ გადააჭარბა თუ არა ნამდვილად მან თავის უფლებამოსილებას, დაარღვია თუ არა კანონი და ა.შ. ჯერჯერობით შედეგებზე საუბარი ნაადრევია.

2003 წელსაც მომხდარა მსგავსი ფაქტი... თუ აპირებთ ამ ორი შემთხვევის გაერთიანებით გადაწყვიტოთ დირექტორის ბედი?

– არ ვიცი, კანონმდებლობით რამდენად შესაძლებელია 15 წლის წინათ მომხდარი ამბის გათვალისწინება. ზოგადად, ყველაფერს აქვს თავისი დაძველების ვადები. შესაბამისად, მე მხოლოდ ამჟამინდელ ფაქტზე შემიძლია ვაწარმოო მოკვლევა და შედეგი გვიჩვენებს, რამდენად აუცილებელია დირექტორის გადადგომა.

დაახლოებით რა ვადა სჭირდება ამ პროცესის წარმოებას და როგორ ფიქრობთ, როდის დადგება შედეგი?

– ჯერჯერობით ჩვენ ვერ დავიწყებთ ამ პროცესის აქტიურ ფაზაში წარმოებას, რადგანაც მიმდინარეობს გამოცდები და ამ პერიოდში ისედაც დასტრესილი მოსწავლეების გამოკითხვა ცოტა რთული საკითხია. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს მოკვლევა.

 

ავტორი: მზეკო ჟვანია