მოტყუებული ბავშვები ბოლნისში - მშობლები სამოდელო სააგენტოს თანხის დაბრუნებას სთხოვენ - exclusive

16:01 05-28-2018
1062

სოციალურ ქსელში ბოლნისში მცხოვრები მარიკო წიქორიძის პოსტი ვრცელდება, რომელიც მოტყუებულ ბავშვებზე წერს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის სამოდელო სააგენტომ „ფეშენ სტუდიო“ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს ფული შეაგროვებინა, ვითომ გრანდიოზული ღონისძიებისთვის, სადაც ბავშვებიც უნდა გამოსულიყვნენ და ბავშვები სიცხეში საათობით მოტყუებული დატოვა. 

„მოკლედ, ამ ორშაბათ დილასაც არ გამინელდა შაბათის ბრაზი. ცუდი კი ისაა, რომ საზოგადოებას აგუებენ გაოფიციალურებულ თაღლითობას, ვითომ.ის არაა საკმარისი, რომ ყველა მხრიდან გვყვლეფს ცალკე ბანკი, ცალკე შუქი, ცალკე გაზი და ეხლა ამ მარაზმს დაემატა ,,ჯიბიდან ამომხტარი" რაღაც #FashionStudio , რომელსაც 26 მაისს 70 ზე მეტი ბავშვისთვის ერთი დღე, წითელ ხალიჩაზე ტრადიციული სამოსის ჩვენებით და ლიმუზინით გასეირნებით:, უნდა გაელამაზებინა.

წესით უნდა გაელამაზებინა, მაგრამ რა მივიღეთ? მზეზე დასიცხული ბავშვები, რომლებიც 5 საათი ელოდნენ, რომ ვიღაც დანაპირებს შეასრულებდა, წარმოუდგენელი დამცირება და უპასუხისმგებლობა.

დილის 10 დან 3 საათამდე ვსვამდით კითხვას:აბა ტრადიციული სამოსი? აბა დეფილე? აბა ლიმუზინი? აბა ბანერთან ფეშენ ფოტოსესია? აბა სადაა? ნახეთ ვინმემ? არც ჩვენ, თუმცა მანამდე ყველა გაკვეთილზე (სულ 4 იყო) თამამად არიგებდა ,,ფეშენ სტუდიოს პრიმადონა" საბანკო რეკვიზიტებს და თანხა მრგვალ ციფრზე დაბლა არ ჩამოსულა, თან განმარტავდა რომ 26 მაისს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით აკეთებს გრანდიოზულ (ძაან უყვართ ეს სიტყვადა ნეტა მნიშვნელობაც იცოდნენ არ იქნებოდა ცუდი) დეფილეს და ყველაფერი ზეორგანიზებული იქნებაო.

მოკლედ, რაღა გავაგრძელო და არაა ეს, ლამაზი, მით უფრო არ შეეფერება ეს არც მუნიციპალიტეტს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს ,, გრანდიოზულ" ღონისძიებებს გეგმავენ, ცუდია, როცა მართავ რაღაცას, აძლევ ლოკაციას და ვის აკონტრაქტორებ, ან ვის აძლევ უფლებას შენი სახელით შევიდეს ბაღებში და სკოლებში ,,გარტყმაში " არ ხარ.

საქმე ის კი არაა, რომ დღეს მე და ჩემნაირ 70 მშობელს ვირაცა ჯიბეში ჩაუძვრა, ფული ამოაცალა და გაღიმებული დატოვა? საქმე ისაა, რომ მუნიციპალიტეტს არ აფასებს არავინ, ვინც ამ.მიისით მოდის და უფრო.მეტიც, უყურებს როგორც ფულის სეიფს, ყულაბას.

ძალიან გთხოვთ, არ დამიწყოთ ეხა რა შუაშია მუნიციპალიტეტიო, იმ შუაშია, რომ იმ ჯიბიდან ამომხტარმა ,,პრიმადონამ," გარკვევუთ თქვა: მუნიციპალიტეტის მოწვევით ვაკეთებთო და ნდობაც ამან გააჩინა , თუმცა იქ, სადაც გერმანელების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეზე, ბავშვებს ცხვირ წინ გასართობები დაუდგეს და ფასები ტელეფონის ნომრებივით (ბატუტზე ხტომა 10 ლარი, ჩამოსრიალება ერთხელ 5 ლარი) დაადეს და მშობლებს ატირებულები მიყავდათ შვილები, ეს თაღლითობა აღარ მიკვირს.

უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ ქალაქში ვიღაცას ჰგონია რომ , ლოხები" ცხოვრობენ და რამდენი დღესასწაულზე ღონისძიებას გამართავენ, იმდენი ბოლნისელები გავისვრით ,,გრანდიოზულობას" საკუთარი ჯიბიდან.

სირცხვილია ხალხოოოო!!!! სირცხვილიაააა, ბოლოს და ბოლოს ბავშვების დანგრეულ ფსიქიკაზე აკეთებინებთ ვიღაცეებს ფუულს?“

 ჩვენ მარიკო წიქორიძეს დავუკავშირდით:

- ახალს ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი ჩემს პოსტში მიწერია.

- ვინ არის სააგენტოს ხელმღვანელი, პრიმადონა, როგორც თქვენ მოიხსენიებთ?

- ნათია ტაბლიაშვილი.

- რამდენი ჩაგარიცხინეს საბანკო რეკვიზიტებზე?

- ჯერ 25 ლარი, მერე 10 ლარი და ვისაც ორი ან სამი შვილი გამოჰყავდა, შესაბამისად თანხაც იზრდებოდა.

- იმ „გრანდიოზულ“ ღონისძიებაზე არ გამოჩნდა სააგენტოს წარმომადგენელი?

- გამოჩნდა, მაგრამ 4 საათი ამ სიცხეში ვიდექით და ველოდებოდით ფორმებს. როგორც მოვიდა ისე წავიდა. არანაირი ფორმები, არანაირი ლიმუზინები, ფოიერვერკი, ხალიჩაც მუნიციპალიტეტს გამოატანინა. მიდგა-მოდგა, ვერ გაასწორა ბავშვები ხაზში და ბოლოს თქვა პირველად ვაკეთებ ღია ცის ქვეშ ღონისძიებასო და ვეღარ ჩავატარებ დეფილეს, დიდი ბოდიში, თუ გნებავთ 30-ში თბილისში ვმართავ ღონისძიებას და იქ ჩამობრძანდით თქვენი ხარჯებოთო. ეს ქალბატონი თბილისიდან არის, იქ აქვს სააგენტო. 

- მხოლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ თუ სკოლის მოსწავლეებიც?

- სხვადასხვა ასაკობრივი კატეგირია იყო, სულ  70 ბავშვი.

- რეპეტიციები ტარდებოდა?

- 4 რეპეტიცია ჩაატარა, სადაც მშობლებს არ უშვებდა. ბავშვს რომ ვეკითხებოდი, რას აკეთებთ მეთქი, შემოირტყამდა დოინჯს და ასე ვდგავარო, მეუბნებოდა. 

- რას აპირებენ მშობლები?

- ვითხოვთ ჩვენს თანხებს. პირად საუბრებში ამბობს, რომ დაგვიბრუნებს თანხის ნაწილს ერთი კვირის ვადაში. 

 ჩვენ სამოდელო სააგენტოს ხელმღვანელლ, ნათია ტაბლიაშვილსაც დავუკავშირდით.

- ბოლნისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ... რატომ ვერ შედგა დეფილე?

- ღონისძიება ვერ შედგა გარკვეული მიზეზებით. მე იქ ჩავედი ყველანაირად მომზადებული, ჩემი ფოტოგრაფით, ტორტით, ბუშტებით, ყველაფრით. უბრალოდ იყო გაუსაძლისი სიცხე, ქაოსი. მე ამ ადამიანებს ვუთხარი, რომ ჩავუტარებდი ალტერნატიულ ღონისძიებას. თარიღის არჩევა მათ მივანდე. მეტსაც გეტყვით, თუ უარს იტოდნენ დეფილეზე, მზად ვიყავი დამებრუნებინა თანხა. მჭირდებოდა მხოლოდ გონივრული ვადა, რამოდენიმე დღე. მათთან მოლაპარაკება ვერ შევძელი. წივილ-კივილი იყო. 

- რატომ ვერ შედგა ღონისძიება, მხოლოდ სიცხის გამო? მშობლები ამბობენ, რომ არ მოიტანეთ ფორმები, არ იყო ლიმუზინი, არანაირი დაპირება არ შესრულდა...

- არა, ჩემო კარგო, ყველაფერი იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომზადებული მივედი. მე შემიძლია გაჩვენოთ ის ადამიანები, რომლებისგანაც წინა ღამით 12 საათზე წამოვიღო 50 ნაციონალური კოსტიუმი. 

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ კითხვას, რა მიზეზით ჩაიშალა ღონისძიება?

- სიცხე იყო და ძალიან ბევრი ბავში და მთელი რიგი პრობლემები. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი