პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა (ფოტოები)

09:43 05-27-2018
100

დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღების მონაწილეებს, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებს, პირველ ქართულ დიასპორას.

„წარმომიდგენია, რამდენად ემოციურია მათთვის დღეს აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა. 100 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი – საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, ევროპული დემოკრატიული პრინციპების თანახმად მოწყობილი სახელმწიფო, მიიღო პირველი კონსტიტუცია და საამაყოა, რომ დღეს ჩვენ ვართ სწორედ იმ რესპუბლიკის საქმის გამგრძელებლები. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა ამ საქმეს ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს, რომ დროთა და ჟამთა სიავემ ვერ მოსწყვიტა საქართველო იმ ტრაექტორიას, რომელსაც საფუძველი 1918 წლის 26 მაისს დაედო. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, გაერთიანებულ საქართველოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ავტორი: ნინო რაზმაძე