თბილისის აეროპორტში "ჰეროინი" სასქესო ორგანოთი შემოჰქონდათ - საქართველოს შავ ბაზარზე წელიწადში 25 მილიონზე მეტის ნარკოტიკი ტრიალებს

12:39 05-21-2018
5297

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

"ადამიანების სიკვდილით გამდიდრებული ბარიგები" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი", სადაც განხილულია, თუ საიდან შემოდის ქვეყანაში ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა "ჰეროინი", "სუბოტექსი" და სინთეტიკური ნარკოტიკები. სტატიაში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები და შავი ბაზრიდან ამოღებული ნარკოტიკების სავარაუდო ღირებულება. 

ის, რომ გამსაღებლების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა შესუსტდეს, ამას კონკრეტული ციფრებიც ცხადყოფს. შსს-ს მიერ მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში ამოღებული ნარკოტიკებით თუ ვიმსჯელებთ საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით ლარის ნარკოტიკი ტრიალებს. 

ორიოდე თვის წინ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, ჩვენი რეგიონი სულ უფრო და უფრო გამომწვევი ხდება ნარკოტრაფიკის თვალსაზრისით, რაც ცხადია, სამართალდამცავებს მოდუნების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. გიორგი გახარიამ დაასახელა ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში „ჰეროინი“ და ქიმიური ნარკოტიკები შემოდის. 

„საზღვრის დაცვა ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი... ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ტურბულენტობა საკმაოდ მაღალია. ვგულისხმობ ნარკოდანაშაულს. რუკას რომ შეხედოთ, საქართველოში ნარკოტრაფიკის ორი წყაროა – ირანი, საიდანაც შემოდის „ჰეროინი“, და თურქეთი, საიდანაც შემოდის ქიმიური ნარკოტიკები. შარშან ამ დროს ირანიდან საქართველოში იყო სამი რეისი, წელს იქნება პლუს ათი. არის ეს გამოწვევა? რა თქმა უნდა, კი. რეგიონში უსაფრთხოების მოთხოვნა სულ უფრო და უფრო პრიორიტეტული და მოთხოვნადი გახდება და ეს უნდა იყოს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, დასავლური ინსტიტუტებით, დასავლური ფასეულობებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით – ეს არის ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი მიზანი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი ქვეყანა წარმატებული და სასურველი ადგილი, როგორც სტუმრებისთვის, ისე ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიამ. 

მოკლედ, შს მინისტრის თქმით, საქართველოში „ჰეროინი“ ძირითადად ირანიდან შემოდის, შავ ბაზარზე გავრცელებული სინთეტიკური ნარკოტიკების მთავარი წყარო კი თურქეთია. რაც შეეხება „სუბოტექსს“ და, ასევე, სხვადასხვა სახის კლუბურ ნარკოტიკებს, მათი დიდი ნაწილი საქართველოში ევროპიდან, თურქეთის გავლით ხვდება. „სუბოტექსის“ შეძენა ევროპის ბევრ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება. იქ, ამ ნივთიერებას ძირითადად ალკოჰოლიკებისთვის, ჩანაცვლების თერაპიის მიზნით, იყენებენ და შესაბამისად, მისი საზღვარზე გადატანაც პრობლემას არ წარმოადგენს. საფრანგეთში ერთი აბი „სუბოტექსის“ ფასი დაახლოებით 2-3 ევროა, საქართველოში შავ ბაზარზე კი ის 700-800 ლარად იყიდება. აქედან გამომდინარე, ელემენტარული არითმეტიკაც კი ცხადყოფს, რამდენად დიდ მოგებას ნახულობენ ნარკორეალიზატორები. 

შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს შავ ბაზარზე დაახლოებით 25 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ტრიალებს. მხოლოდ მიმდინარე წლის ოთხ თვეში სამართალდამცველებმა 7 მილიონზე მეტის ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც ათი ათასობით ადამიანს შეეძლო მოეხმარა. იანვრიდან აპრილის ჩათვლით, საერთო ჯამში, ამოღებულია 8 კილოგრამამდე „ჰეროინი“. ამ ოდენობის გადანაწილება, ერთჯერადი დოზის სახით, 100 ათასზე მეტი ადამიანისთვის არის შესაძლებელი. უკანონო ბრუნვიდან ამავე პერიოდში ამოღებულია 3 456 აბი „სუბოტექსი“. შავ ბაზარზე არსებული მინიმალური ფასით თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ ოთხი თვის განმავლობაში შსს-მ ორ მილიონზე მეტის ღირებულების „სუბოტექსი“ ამოიღო. გარდა ამისა, წელს, ასევე, ამოღებულია: ერთ კილოზე მეტი „კოკაინი“, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, 1,5 კილო სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება და სხვ.   

ეს მხოლოდ იანვრიდან აპრილამდე... მიმდინარე თვეს კი სამართალდამცველებმა უკვე ერთ კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ერთ შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდა გადამალული, მეორე შემთხვევაში კი ორ ბრალდებულ ქალს თბილისის აეროპორტში „ჰეროინი“, არც მეტი, არც ნაკლები, სასქესო ორგანოთი შემოჰქონდათ. 

ვნახოთ, რას ამბობენ თითოეულ ამ ფაქტზე შსს-ში:

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ზ.ნ. ზემო ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული“. 

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები ბაჰარ ჰადიევა და სურაია აბბასოვა დააკავეს. ბაჰარ ჰადიევას სხეულიდან ამოღებულია 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 360 გრამი და 7 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ხოლო სურაია აბბასოვას სხეულიდან ამოღებულია, ასევე, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 370 გრამი, 7 აბი „მეთადონი“ და 1 შეკვრა „მარიხუანა“.

ორივე ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.