მსვლელობის პარალელურად, სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული" - თეა წულუკიანი

16:24 05-17-2018
43

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 17 მაისს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩატარდებოდა თუ არა აქციები, უსაფრთხოება დაცული იქნებოდა:

„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოება ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული" – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს დააწესა.

მართლმადიდებელი ეკლესია, საპატრიარქოს ინიციატივით, ამ დღეს მსვლელობით აღნიშნავს. მრევლმა ვარდების მოედნიდან ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მსვლელობაში მონაწილე ადამიანები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და აკურთხა.

17მაისი ასევე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ აქტივისტები აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია აღარ გაიმართება, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

ავტორი: ნინო რაზმაძე