ლგბტ აქტივისტები აქციას სოციალურ ქსელში გამართავენ

15:49 05-17-2018
138
თეგები: აქცია

ლგბტ აქტივისტები სოციალურ ქსელში აქციის გამართვას აანონსებენ. ​იდეის ინიციატორი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფია.

მათ სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი "საქართველოს წმინდა პარლამენტი", სადაც 19:00 საათიდან ყველა მსურველს შეეძლება პარლამენტთან მოინიშნოს თავი.

"ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით," – წერია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ აქტივისტები აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ აქცია აღარ გაიმართება.

17 მაისი ასევე, პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის დღედ 2014 წელს დაწესდა. მართლმადიდებელმა მრევლმა დღეს მსვლელობა მოაწყო. სწორედ იმის გამო, რომ ლგბტ პირები თავს დაცულად ვერ გრძნობდნენ და სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისგან თავდასხმას ელოდნენ, აქციის ორგანიზატორებმა დაანონსებული დემონსტრაციის ჩატარება გადაიფიქრეს.



ავტორი: ნინო რაზმაძე