"ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთდეს..." - "იბერიას" მფლობელი

15:43 05-17-2018
47

ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მიმდინარე მოვლენებზე აცხადებს, რომ რეორგანიზაცია "უფრო პასიური დროს უნდა გაკეთებულიყო". 

ამ მოსაზრების მიუხედავად, ოქუაშვილი დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება რედაქციას ეკუთვნის და ის არ ერევა მათ საქმიანობაში.

"თუ ეს საშუალება მომეცემა ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთდეს. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს. თუმცა ახლა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიციები აქვთ უკეთესზე. თუ უკვე გადაწყვეტილია, არ ვიცი რამდემად გაითვალისწინებენ ჩემს რჩევას. ტელეკომპანიას ჰყავს დირექცია. მე ასე აქტიურად არ ვერევი. ჩემთვის, რომ

ეკითხათ არა როგორც მფლობელისთვის, რადგან სახელმწიფო სამსახურში ვარ, ვურჩევდი უფრო პასიური დრო აერჩიათ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას'', - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

რაც შეეხება ხელფასების პრობლემას, ოქუაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიას არ უნდა ჰქონდეს ეს პრობლემები.

ტელეკომპანია "იბერიაში" რეორგანიზაცია გამოცხადდა. საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა გააჩერა. გავრცელებულ ინფორმაციით, არხიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები და მემონტაჟეები. ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვდნენ და დღეს გადაღებებზე აღარ გავიდნენ. ამის შესახებ კი ტელევიზიის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები კი სავარაუდოდ, სხვადასხვა გადაცემაზე გადანაწილდებიან. 

ტელევიზიის ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.