„იყონ თავის „სპალნებში“, ვინ ავიწროვებთ“- რეპორტაჟი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან - exclusive

15:25 05-17-2018
853

- ბილეთი აიღეთ ბატონო, რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რით ვერ მიეჩვიეთ - ცხარობდა 51 ნომერ ავტობუსში 60 წელს გადაცილებული კონტროლიორი ქალი. ავიღებ ქალბატონო, ახლა ამოვედი, დამშვიდდით, პასუხობს ახალგაზრდა წითური მამაკაცი.

- რა დამამშვიდებს, მეათედ მიწევს გამეორება, მეტროში ხომ ვერ გადიხართ, თუ ბარათს არ დააფიქსირებთ, ასეა ავტობუსშიც, რით ვერ ისწავლეთ?!

- ნუ ყვირით, ახლა ამოვედი.

- ამოხვედით და ტელეფონზე ლაპარაკობთ. აიღეთ ბილეთი და ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ.

- აიღებს რა, ბებო, ნუ ჩხუბობთ, რა პონტია, გამოესარჩლა ზურგჩანთა მოკიდებული თინეიჯერი.

- შენ რატომ ერევი, მე შენს საქმეში ვერევი? ეს ჩემი სამსახურია, შემამოწმებენ და გამიშვებენ სამსახურიდან. რომ ვამბობ, ასეა საჭირო.

- არ გეკადრებათ ასე ლაპარაკი, ამხელა ქალი ხართ, - გაბრაზებულმა წითურმა საფულედან ბარათი ამოღო და გაუწოდა კონტროლიორს.

- არც თქვენ გეკადრებათ ასე ლაპარაკი დედისტოლა ქალთან.

- ვერ ისწავლეს, ვერ დაიმახსოვრეს. იქნება არ გაქვს ბარათზე თანხა და ხურდების ძებნა მოგიწიოს, მძღოლი უნდა გელოდოს გაჩერებაზე? - ახლა გვედრით მდგომს გამოელაპარაკა კონტროლიორი. ამას წინათ ასე გამიჯიუტდა ერთი ქალი, ჩასვლისას დავადებ ბარათსო. თუ არ აღმოგაჩნდება ბარათზე თანხა, იმდენი გაჩერება გატარებ, რამდენიც დასჭირდება მგზავრობის ღირებულების გადახდას- მეთქი, დავემუქრე. კარგიო, შემითანხმდა. გაჩერებაზე დაადო ბარათი და არ ჰქონდა თანხა. 2 გაჩერება ვატარეთ ის ქალი, სანამ ჩანთიდან ხურდებს ამოკრიფავდა. ასეთ ჯიუტებს ასე ჯიუტად უნდა მოექცე. განა არ მქონდა ხურდები, ვაჩუქებდი, მაგრამ ისე უხეშად იქცეოდა...

ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა...

- აუტანელია ეს საცობები უკვე, შეგვჭამეს ამ მიტინგებით. ოჯახის სიწმინდეს ვიცავთო, რად უნდა დაცვა მაგას, ვინ გივარდება სახლში?! - ჩაილაპარაკა წითელპომადიანმა ახალგაზრდა ქალმა.

- რას ლაპარაკობ ქალო, ვერ ხედავ, შეგვჭამეს ამ ელგებეტეებმა, ქუჩაში კოცნიან ერთმანეთს საჯაროდ, ჩვენი შვილები უნდა უყურებდნენ ამას? - უმალ შეუვარდა პირში ჩემს გვერდით მჯდომი ჭაღარა. ხელში მარაო ეკავა და ისე იქნევდა, პირველი ხარისხის მოყინულობა მივიღე ვაკიდან საბურთალომდე მგზავრობისას. რაც უფრო უმატებდა ხმას, კიდევ უფრო ენერგიულად იქნევდა მარაოს. - სანამ ვიღაცა მართლა არ შეეწირება ამ ამბავს, მანამდე არ მოისვენებენ?! იყონ თავის „სპალნებში“, ვინ ავიწროვებთ. დამდგარან და გასულები ვართო, გაიძახიან. გაიყვანენ მაგათ ერთხელაც მარილზე, მე მითქვია და... - აღარ გაჩუმდა ჭაღარა, ამასობაში ავტობუსში ქარიშხალი ამოვარდა...

- ან ეგ მარაო გააჩერეთ, ან ენა, შევწუხდით ქალბატონო, ისევ აწიკვინდა წითელპომადიანი...

- გააჩერეთ, უნდა ჩავიდე, არ მინდა ამ ქალთან ერთად მგზავრობა, ამასაც ეგეთი შვილები ეყოლება, წამოხტა მარაოიანი ჭაღარა და მძღოლისკენ გაემართა...

- დამშვიდდით ქალბატონო, ეს ტაქსი კი არაა, სადაც მოგინდებათ იქ გავაჩეროთ, გამოეკიდა კონტროლიორი, - იქნება გაჩერება და ჩახვალთ.

ამასობაში მეც მივედი დანიშნულების ადგილზე. მოვდიოდი და უკან მომყვებოდა მარაოანი ქალი, მარაო ისევ მომართული ჰქონდა და ენერგიულად ინიავებდა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი