ამაღლება უფლია ჩვენისა იესო ქრისტესი - "ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით"

14:15 05-17-2018
51

დღეს, 17 მაისს, მართლმადიდებელი სამყარო, უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად,  სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.  

საქართველოს პატრიარქი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში, მოგვიანებით, პარაკლისს გადაიხდის და ოჯახებს დალოცავს. ქრისტიანული დღესასწაული, ამაღლება, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად იმართება. 

ღმერთების ზეცად ამაღლების მითი, მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში "სულიწმინდის მოფენამდე"

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში, ქრისტე, თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს:

„კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ქრისტე, მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

ამაღლების დღესასწაული, მეოთხე და მეხუთე საუკუნეებში, საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში, ჩამოყალიბდა, ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი)  ეკლესიაში (XI ს.).

საქართველოს მთიან რაიონებში, ამაღლება, ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა  და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს, წარმართულ სალოცავებში, შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ, ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას და სხვა.

ტროპარი:

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი:

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

ავტორი: რუსა ღვანიძე