სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის, 2018 წელს 53 პირი დააკავეს

19:21 05-16-2018
51
თეგები: ბრიფინგი

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც საგრძნობლად აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს.

წელს, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული იქნა 53 პირი.

ამ წლის მონაცემები, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაიზარდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის გარდა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამის ნათელი მაგალითებია ის აქციები, რომლებიც უმცირესობის წარმომადგენლებმა გასული თვეების განმავლობაში ჩაატარეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და მათ მისცა აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა იმ პირების დაკავება, რომელთა მხრიდანაც ძალადობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, აღნიშულ დღეს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრები და შეთანხმდა როგორც შეხვედრის ადგილი და დრო, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ზომები.

შსს წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას.



ავტორი: ნინო რაზმაძე