გამაოცა, რატომ გაჩნდა ეს კითხვები იმ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით - ეკა ბესელია

15:43 05-16-2018
23

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველოში შესაძლებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა სასამართლოს ჰქონდეს, ამბობს, რომ ეს ინიცირებული პროექტი კონსტიტუციური ჩანაწერის ზუსტი, ინდეტური შინაარსით შესაბამის კანონში გადმოტანაა.

"ეს საგანგებო კომენტარი მათთვის, ვისაც ან დრო არ აქვს იმისთვის, რომ ერთი ფრაზა წაიკითხოს კონსტიტუციაში ან სურვილი არ აქვს. მართლა გამაოცა, რატომ გაჩნდა ეს კითხვები იმ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური ჩანაწერის აბსოლუტურად ზუსტი, იდენტური შინაარსით გადმოტანა შესაბამის კანონში და არაფერი განსხვავებული არ არის ინიცირებული.

კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესი მიმდინარეობს კონსტიტუციასთან. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით კანონში მოხდება უახლოეს პერიოდში ცვლილებების შეტანა. ამ პროცესშია მომზადებული ერთ-ერთი ტექნიკური ცვლილება. კონსტიტუციაში წერია, რომ შემოქმედებით საქმიანობაში ცენზურა დაუშვებელია. თუ სასამართლო არ იტყვის რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ვერავინ ვერ შეზღუდავს. რომც არ ჩაიწეროს, ახლაც სასამართლოს გზით ხდება შემოქმედებითი დავა. რაც აბსოლუტური უფლება არ არის, ყველაფერში შეიძლება ჩარევა და კერძო პირმა შეიძლება შეზღუდოს? ყველაზე მაღალი სტანდარტია, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება. ცვლილებებით სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები დაემატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე