"ცენზურის გაცოცხლების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ..." - მწერალი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს

13:56 05-16-2018
55

მწერალი ალეკო შუღლაძე თვლის, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შესაძლოა მიენიჭოს უფლება - განიხილოს შემოქმედებითი სახის ნაწარმოებების აკრძალვის საკითხები, თუ იგი ლახავს ვინმეს უფლებას, ერთგვარი ცენზურის გაცოცხლებაა. 

ამის შესახებ, მწერალმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

"უნდა გავერკვე ჯერ. რა თქმა უნდა ბოროტების გაღვივება უნდა ისჯებოდეს, მაგრამ თუ ამ თეზისს ამოვეფარებით და მის საფუძველზე ცენზურას გავაცოცხლებთ - ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რა იგულისხმება, მწერლები აუცილებლად ერთად დავგდებით. ვერაფერს ვერ შემოიღებენ!", - აცხადებს მწერალი.

საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს ენიჭება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობა, თუ ის აღვივებს შუღლს და შეურაცხყოფს საზოგადოების გრძნობებს რელიგიურ, ეთნიკურ თუ რაიმე სხვა საფუძვლით, ან შეიცავს პორნოგრაფიულ შინაარს.

 

სესე კოპალეიშვილი