კახა კალაძე პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს მადლობას უხდის

10:54 05-16-2018
24

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მერიისთვის 30 მილიონი ლარის გამოყოფისთვის მადლობას უხდის. 

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, თუმცა უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პროექტები წელს განხორციელდეს. 

„ახლა მოვდივარ მთავრობის ადმინისტრაციიდან, შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან და კარგია, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მერიას უახლოეს დღეებში დამატებით გადმოეცეს 30 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროეტებს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერს და ფინანსთა მინისტრს ამ თანადგომითვის იმიტომ, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მან ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავალება მისცა, წლის ბოლომდე ათვისებული იყოს ეს თანხა და განხორციელდეს ყველა პროექტი. 

„ეს 30 მილიონი, რომელიც ასახული იქნება ბიუჯეტში, დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა კახა კალაძემ.