კახა კალაძე: "დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი"

10:32 05-16-2018
126

მივმართავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, სრულად ავუნაზღაურო ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს ის ზიანი, რომელიც წლების წინ მიადგათ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, რომლითაც პირველ ეტაპზე 800 ოჯახს დააკმაყოფილებს. 

"დღეს მინდა მთავრობის სხდომა დავიწყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დედაქალაქში მცხოვრები 3000-ზე მეტი ოჯახისთვის დღემდე გადაუჭრელი საკითხით. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და მას შემდეგ 20-25 წელზე მეტი გავიდა და ისინი დღემდე ელოდებიან საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღებას. ადამიანები დაბერნდნენ თუ როდის მიიღებენ ბინებ, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მერობის პირობებში ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარო. 

სამწუხარო გარემოება ის გახლავთ, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ზემოთხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში პრივატიზებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა აქამდე ვერ შეძლო ამ ოჯახების დაკმაყოფილება. მე მინდა განვაცხადო, რომ მივმართავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, სრულად ავუნაზღაურო მათ ის ზიანი, რომელიც წლების წინ მიადგათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებმა კუთვნილი ბინების მოლოდინში ათეული წლები დაჰყვეს, მაგრამ დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვყოთ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ჯამურად 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლითაც პირველ ეტაპზე დავაკმაყოფილებთ 800 ოჯახს, პარალელურად კი გავაგრძელებთ მიწის ნაკვეთების შერჩევას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განხორციელდეს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველა დაზარალებული ოჯახის წინაშე იღებს ამ ვალდებულებას, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ყველა მათგანი ერთდროულად დავაკმაყოფილოთ ფართებით, ამიტომაც შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეინტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით დანარჩენები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტული პრინციპით განხორციელდება, ერთადერთი კრიტერიუმით - ვინ მეტი პირის დაკმაყოფილებას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს.

სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და დადგენილი წესით მოხდება მათთვის შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულის დადგენა", - განაცხადა კალაძემ.