თავდაცვის მინისტრი „Jamestown“ ფონდის დელეგაციას შეხვდა

14:45 05-15-2018
19

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ის მთავარი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „Jamestown” ფონდის წარმომადგენლებთან განიხილა. დღეს ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში „Jamestown” ფონდის გლობალური კვლევებისა და ანალიზის დირექტორთა საბჭოს წევრებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და რეგიონული უსაფრთხოების შეფასების მიზნით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ.

ფონდის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლო მომვალში აშშ-ში ვიზიტი იგეგმება, რაც ქართულ მხარეს „Jamestown” ფონდთან დისკუსიების გაგრძელებისა და თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების დასახვის საშუალებას მისცემს.