ეროვნულ მუზეუმში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

09:58 05-15-2018
139

ბოტიჩელის და მიქელანჯელოს შემდეგ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამჯერად ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა იტალიელი დიდი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. 

როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებელს დღეიდან შემდეგი ნამუშევრების ნახვა შეეძლება: „ტიციანი - ფერთა ოსტატი: მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) - ნამუშევარი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018) - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. 

"Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) - გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში" რომაული ბაროკოს მუზეუმიდან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოფენები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენები იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან: იტალიის მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", საქართველოს მხრიდან - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.

გამოფენების მხარდამჭერები არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.