ტრამპი დამანგრეველი – თეთრი სახლის მემკვიდრეს ეპითეტი მოუძებნეს

11:25 05-14-2018
52

Le Monde-ის მიმომხილველის სილვია კაუფმანის აზრით, ტრამპის გადაწყვეტილება, გავიდეს ირანის ატომური ხელშეკრულებიდან, ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობის კრიზისს გამოიწვევს. ეს კი საერთაშორისო ლიბერალურ წესრიგს დაარტყამს. 

 

ტრამპი, რომლის მთავარი საარჩევნო ლოზუნგია: ამერიკა უპირველეს ყოვლისა, უკვე გავიდა კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან ასევე, დატოვა ტრანს წყნარი ოკეანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (TPP). ახლა კი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას გამოეთიშა. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

 

„ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ის სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

 

თუმცა, როგორც მიიჩნევენ, სწორედ ბირთვული პროგრამიდან გასვლა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლოა, საბედისწეროც. იმიტომ რომ, თუ სხვა შემთხვევებში საუბარია ეკონომიკაზე, ამჯერად საქმე ეხება უსაფრთხოებას. ამით ტრამპმა, როგორც იტყვიან, წყალში ჩაყარა ევროპელების ძალისხმევა, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ამერიკელი კოლეგების მეშვეობით ცდილობდნენ ტრამპის ამ გადაწყვეტილების დაბლოკვას. მართალია, ხელშეკრულება იდეალური არ იყო, მაგრამ ის მნიშვნელოვანი გახლდათ იმისთვის, რომ ირანს ატომური იარაღი არ შეექმნა. 

 

ბოლოს და ბოლოს, ტრამპის ასეთი ქმედება პრეცედენტულია იმ თვალსაზრისით, რომ ის უშვებს ნებისმიერი შეთანხმებიდან გასვლასა და მის დარღვევას. 

 

ახლა კი პარიზი, ბერლინი, ლონდონი ირანთან პირისპირ დარჩნენ. მეტიც, დაიწყო მძიმე ტრანსატლანტიკური კრიზისი, უფრო მძაფრი, ვიდრე ეს 2003 წელს იყო, როცა ერაყის ომი დაიწყო. ევროპა მაშინაც ორად გაიყო. ისინი, ვინც ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ და ისინი, ვინც მას არ მიემხრნენ.  

დასავლეთის მედიაში წერენ, რომ თავად ტრამპს სულაც არ აწუხებს საკუთარი ფატალური გადაწყვეტილება. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპმა ეს ნაბიჯი ობამას საწინააღმდეგოდ გადადგა. 

Le Monde-ის აზრით, ტრამპი ამ ნაბიჯით ირანს რუსეთის მოკავშირედ აქცევს. 

 

გერმანიის კანცლერმა, ისევე როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ თეთრი სახლის მემკვიდრეს ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღო, თუმცა ვერაფერს გახდნენ. 

თეირანმა კი უკვე განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების პროცესს გააგრძელებს. ვარაუდობენ, რომ თეირანი რადიკალურ ნაბიჯების გადადგამს და რეგიონში მარგინალური გახდება. ბირთვული რაკეტის შექმნასთან ერთად, ის ჰეზბოლას შეიარაღებასაც გააგრძელებს ლივანში, იემენში კი მეამბოხეებს გაამხნევებს. 

დასავლეთის მედია წერს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გაუგებარი იმიტომაცაა, რომ აქამდე ირანი ყველა ხელშეკრულებას იცავდა და მისი არცერთი მოთხოვნა არ დაურღვევია.  

წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულება, პარიზის შეთანხმება, ატომური შეთანხმება ირანთან – ტრამპი ყველაფრიდან გავიდა და მას მედიაში უკვე შეარქვეს ტრამპი დამანგრეველი. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ლოგიკით შესაძლოა, არც ფხენიანმა დაუჯეროს ტრამპს და არ მოისურვოს მასთან ატომურ განიარაღებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება. ვერც გაამტყუნებ, შესაძლოა ის დაეჭვდეს ამერიკის საიმედოობაში. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა თეთრი სახლი ირანში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს და ტრამპის ქმედებაც სწორედ აქეთ არის მიმართული.