რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მანიფესტი გამოაქვეყნა

09:59 05-11-2018
27

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივნისში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მანიფესტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

სტამბოლის სპორტულ სტადიონზე შეკრებილ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ერდოღანმა განუცხადა, რომ მის მრავალრიცხოვან გეგმებს შორისაა დემოკრატიის ხარისხისა და სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესება.

მოსალოდნელია, რომ ერდოღანი და მისი პარტია კვლავ გაიმარჯვებენ არჩევნებში. თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადადის და ახალარჩეულ ერდოღანს (გამარჯვების შემთხვევაში) კიდევ უფრო მეტი აღმასრულებელი ძალაუფლება ექნება. ანალიტიკოსები კი შიშობენ, რომ ის ახალი ძალით შეუტევს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი სონერ ჩაგაპტაი ამბობს, რომ ერდოღანი უკვე არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ლიდერი, პოლიციის, არმიის მთავარსარდალი და პარტიის მმართველი. "ის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი თურქი ლიდერი გახდება, ზოგიერთი კუთხით შეიძლება მასზე ძლევამოსილიც კი,"- ამბობს ჩაგაპტაი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ საპრეზიდენტო კანდიდატად მუჰარემ ინჯე წარადგინა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მე-11 პრეზიდენტი და ერდოღანის ერთ-ერთი კონკურენტული ფიგურა აბდულა გიული არჩევნებში ერდოღანს კონკურენციას არ გაუწევს. 

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა გადმოიწია და ის 24 ივნისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა. 

საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.

ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.