ავტომობილში გადამალული 1400 აბი "სუბოქსინი" - რა გზით შემოჰქონდათ ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი?

14:00 05-08-2018
92

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ორი მსხვილი ნარკორეალიზატორი გამოავლინა. ორივე მათგანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელთაც შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში 1400 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" შემოჰქონდათ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ს.ე. და 1982 წელს დაბადებული ჰ.შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში გადამალული 1400 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" აღმოაჩინეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.