"ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნის დასაცინი..." - ლევან გორგაძე ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებას ეხმაურება

10:22 05-08-2018
54

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში შექმნილ ვითარებას იაპონიიდან ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. 

ტოჩინოშინი მოუწოდებს მოჭიდავეებს პრობლემები დროულად გადაიჭრას და არ გახდეს ქართული ძიუდო „დასაცინი“ სხვა ქვეყნების მიერ.

„მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით. მე ძიუდოისტი ვიყავი და თქვენთან ერთად ვისწავლე ძიუდოს და სპორტის მიმართ სიყვარული. 

მე ვერ დავიწყებ მტყუანისა და მართლის გარჩევას. უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოუგვარებელი არაფერია და ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნის დასაცინი. დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება და გუნდის დაშლა, იმიტომ რომ მე ვთვლი დღეს დღეობით ჩვენი გუნდი ერთადერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და არა მარტო ევროპაში, მთელს მსოფლიოში. 

ჩემი თხოვნა იქნება მეტად დავაფასოთ ერთმანეთი, ერთმანეთის შრომა და ამდენი წლის შრომას და ავტორიტეტს ნუ გავაფუჭებთ და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი“, -აცხადებს ტოჩინოშინი.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი მოითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.