პატარ-პატარა სესხების აღებაც კი გაუჭირდებათ ადამიანებს, ბანკის პროცენტი გაუძვირდებათ - რომან გოცირიძე

15:00 05-07-2018
501

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ეკონომისტ რომან გოცირიძის აზრით, ის რეგულაციები, რაც კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ამოქმედდა საზოგადოებაზე და საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, უარყოფითად იმოქმედებს. შედეგად კი, პროცენტის ზრდა მოხდება - ამის შესახებ მან "პრაიმტაიმს" განუცხადა:

"მორიგ ინიციატივას აპირებენ, თურმე ლომბარდებში ხალხი მანქანებს ალომბარდებს და კრიმინალური გარჩევების თემა ხდებაო. ფაქტობრივად ეს დაარტყავს იმ ხალხს, ვისაც აქვს შემოსავალი, მაგრამ არ აქვს ოფიციალური ხელფასი და ეს არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ეს არის ე.წ თვითდასაქმებულები, ეს არის სოფლად დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი და ხალხი, რომელიც საკუთარი შრომით შოულობენ ფულს: მძღოლები, ძიძები, ხელოსნები, რეპეტიტორები, მცირე ბიზნესით დასაქმებული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც არ არიან ვალდებულები, ოფიციალური ბუღალტერია აწარმოონ. პატარ-პატარა სესხების აღებაც კი გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულად პატიოსანი გადამხდელები არიან.

ეს რეგულაციები ცუდ შედეგს გამოიღებს. მოსახლეობას ბანკის პროცენტი გაუძვირდება. პროცენტებიც გაიზრდება და ამით საბანკო სისტემაც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც დაზარალდებიან. საფინანსო კერძო სექტორის განვითარებას კი ხელი შეეშლება" - განუცხადა "პრაიმტაიმს" გოცირიძემ.

კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემის პროცედურები მკაცრდება.

კერძოდ, უნდა მოხდეს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სესხების გაცემა. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, მსესხებელმა ბანკში უნდა წარადგინოს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები, რომლებიც სესხის გაცემაზე მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვას ითვალისწინებს, სწრაფ და ონლაინსესხებზეც გავრცელდება. მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა სწორედ რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია.

ავტორი: ნინო რაზმაძე