კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - მამუკა ბახტაძე

11:44 05-07-2018
133

კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული კითხვების პასუხისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, ამაში იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ასიმეტრიული რეგულაციები იყო, ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წერსები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.