ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ - მამუკა ბახტაძე

11:40 05-07-2018
1146

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „ფეისბუქში“ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ დღეს მოვედით ამ პრობლემამდე, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა ამ პრობლემის დაგროვება. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ გადაწყვეტას. ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ეს რეფორმა შუაში გაჩერდეს ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავალთ ბოლოში. ჭარბვალიანობამ გამოიწვია არა მარტო ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი შემოსავლის დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში და ისეთი ტრიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო, არამედ ეს იწვევს საქართველოში მეწარმეობის სურვილის და მეწარმეობის პოტენციალის გარკვეულწილად შემცირებას. ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - სიღარიბის დამარცხებას. ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ჭარბვალიანობის პრობლემა ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დღეს არის ე.წ. შავს სიაში და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ. პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და პრინციპულად“, - განაცხადა ბახტაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე