"ჩავიდა თუ, არა იმავე საღამოს მოკლეს, დაანაწევრეს და ჩამოკიდეს პარკში" - თურქეთში მოკლული ჯანჯარიას ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს

13:51 04-27-2018
6919

თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი საქმეში ქართველი ექსპერტებისა და საგამოძებო ჯგუფის ჩართვას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ თურქული ექსპერტიზის დროით გათვალისწინებულ ვადას, 6 თვეს ვერ დაელოდებიან, რადგან შესაძლოა ამ დროის განმავლობაში ცხედარი გაიხრწნას და ვერ მოხდეს ზუსტი დასკვნის დადება. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად რამდენიმე წუთის წინ სარფიდან ქუთაისში გადაასვენეს. 

როგორც "პრაიმტაიმთან" გარდაცვლილის დედა, იზოლდა ჭეჟია აცხადებს, ოჯახს ეჭვი იმ ქართველ დამსაქმებელზე აქვს, რომელმაც ლუხუმ ჯანჯარია საქართველოდან თურქეთში მუშაობის დაწყების პერსპექტივით წაიყვანა. 

"ჩავიდა თუ, არა იმავე საღამოს მოკლეს, დაანაწევრეს და ჩამოკიდეს პარკში. როგორ შეიძლება ამისთანა რამ. როგორცკი თურქეთში ჩავიდა იმავე საღამოს იკარგება კვალი. თურქები კი არ არიან დამნაშავეები, დამსაქმებელი კაცი, რომელმაც წაიყვანა ფოთელია, გვარად ფიფია. მაგაზე გვაქვს ეჭვი მთელს ოჯახს. ამომწყვიტა და თვითონ დანავარდობს თავისუფლად. რატომ მოკლეს, ყელი რატომ გამოჭრეს ამის გაგება მინდა მეტი არაფერი. დამსაქმებელმა კაცმა დარეკა და შესთავაზა თურქეთში სამსახური, მე პენსიონერი ვარ, ოჯახში არ გვაქვს საშუალება და შევთანხმდით რომ 3 თვით წავიდოდა, თუ ვერ გაუძლებდა პირობებს უკან დაბრუნდებოდა. როგორცკი სტამბულში აქსარაის სადგურში მივიდა იმ ღამესვე დაიკარგა მისი კვალი, დამსაქმებელი კაცი მეორე დღეს უკან დაბრუნდა. რატომ არ იკითხა მის მიერ წაყვანილი კაცის ამბავი და ისე რატომ დაბრუნდა სახლში?!", - ამბობს მოკლულის დედა, 

ელზა ახალაიას თქმით, მისი მეუღლე საქართველოდან 12 აპრილს წავიდა და მას შემდეგ ოჯახს არც დაჰკავშირებია. ისინი 2 კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ლუხუმ ჯანჯარიას კვალზე გასვლას, გუშინ კი გაიგეს, რომ 47 წლის მამაკაცი სტამბულის ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.

"როგორცკი წავიდა იმ ღამესვე მოკლეს და ორი კვირა მალავდნენ ჩემ შვილს. ჩვენ გუშნწინ გავიგეთ. ამ დროის განმავლობაშ ჩვენ ვცდილობდით გვეპოვა ჩემი მეუღლე, თუმცა საიმედოს ვერაფერს ვიგებდით, კაცი გაუჩინარებული იყო. გვითხრეს ცოცხალია და უკან დაბრუნდა საქართველოშო, მაგრამ რომ დაბრუნებულიყო საზღვარი ხომ უნდა გადმოეკვეთა?! სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ ძებნა. ჩატარდეს სწორი გამოძიება და დააკავონ ნამდვილი დამნაშავეები. ეს კაცი, ფიფია, რომელმაც შესთავაზა სამსახური სასწრაფოდ დაიბარონ პოლიციაში და დეტალურად გამოკითხონ ყველაფერი. ახლა როგორც ვიცი იმალება, მაგრამ თუ პოლიცია არა, ჩვენ მაინც ვიპოვით!", - განაცხადა მოკლულის ცოლმა, ელზა ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კახათის მკვიდრი, ლუხუმ ჯანჯარია გუშინ თურქეთში ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.

 

ავტორი: მზეკო ჟვანია