რატომ ეშინიათ ადამიანებს დღის, როცა 13 რიცხვი პარასკევს ემთხვევა?

11:13 04-13-2018
106
თეგები: პარასკევი

დღეს იშვიათი დღეა – პარასკევი და თანაც 13 რიცხვი. ბევრი ადამიანი გარკვეული მიზეზების გამო ფიქრობს, რომ ასეთი დამთხვევა ავის მომასწავებელია. 

პარასკევი 13-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ის ორი ცრურწმენის ნაერთია: 13-ის, როგორც ცუდი რიცხვისა და პარასკევის, როგორც უიღბლო დღისა.

რიცხვი 13, როგორც 12-ის მომდევნო, მიჩნეულია არარეგულარულ, ჰარმონიის დამრღვევ რიცხვად. არის ასეთი ცრურწმენაც, რომელიც სათავეს იღებს ან საიდუმლო სერობის ეპიზოდიდან, ან ნორვეგიული მითოლოგიიდან, რომ თითქოს სუფრაზე 13 ადამიანის სხდომა ცუდის ნიშანია – ეს აუცილებლად გამოიწვევს მინიმუმ ერთი წევრის სიკვდილს. ტაროს კარტში 13 ბანქოა, სახრჩობელასკენ, როგორც წესი, 13 საფეხურია, სახრჩობელას ყულფში 13 კვანძია, გილიოტინას ბასრი პირი 13 ფუტს (დაახ. 4 მეტრი) გადის და ა.შ.

პარასკევი უიღბლო დღედ ითვლება მე-14 საუკუნიდან მოყოლებული. ამის გამო ხშირად ერიდებოდნენ და ერიდებიან პარასკევს ახალი საქმის წამოწყებას ან სადმე გამგზავრებას. 1800-იანი წლებიდან მოყოლებული შენიშნეს, რომ პარასკევს ხშირად ემთხვეოდა კატასტროფები, ამიტომ ასეთ დღეებს უწოდეს “შავი პარასკევი”. ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა ისიცაა, რომ ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იესო ქრისტე პარასკევ დღეს აცვეს ჯვარს (წითელი პარასკევი).

კიდევ ერთი ცნობილი თეორია ისტორიულ მოვლენას ეყრდნობა, ტამპლიერი რაინდების შეპყრობას. ტამპლიერები – ეს იყო სამხედრო-რელიგიური ორდენი, რომელიც იერუსალიმში დაარსდა 1118 წელს. მათი თავდაპირველი მისია იყო, დაეცვათ ქრისტიანი პილიგრიმები ევროპა-იერუსალიმის გზაზე, ასევე ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. მალე მათ ფინანსების დაცვის მიზნით ერთგვარი საბანკო სისტემა შეიმუშავეს და მევახშეობა დაიწყეს. ისინი ფულს ასესხებდნენ დიდგვაროვნებს, წარჩინებულ პირებს, შემდგომ სახელმწიფოს მეთაურებსაც. მალე ეს სისტემა მთელ ევროპას მოედო, ტამპლიერები კი გამდიდრდნენ და ძალაუფლება მათ ხელში გადავიდა. ორდენი უკვე მძლავრი პოლიტიკური ძალა იყო, ამიტომ საფრანგეთის მეფემ, ფილიპე IV ლამაზმა მათი მოშორება განიზრახა. ფილიპე IV-ს ინგლისთან ომის პერიოდიდან მოყოლებული ტამპლიერების ვალი მართებდა.

1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, მეფის საიდუმლო ბრძანებით ასობით ტამპლიერი შეიპყრეს. მეფეს ზურგს უმაგრებდა იმდროინდელი რომის პაპი, კლემენტ V. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფილიპე IV-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა წინა პაპთან, ბონიფასე VIII-სთან და მის სიკვდილშიც მიუძღოდა წვლილი. დაძაბულობა გამოიწვია მეფის სურვილმა, შეემცირებინა ეკლესიის გავლენა სახელმწიფოზე. პაპ ბონიფასეს, რა თქმა უნდა, ძალაუფლების დაკარგვა არ სურდა და მიაჩნდა, რომ პაპი ღმერთისგან გამორჩეული ადამიანი იყო, რომელსაც ეკლესიის გარდა, სამეფოც ებარა.

რაინდების შეპყრობის მიზეზად გამოაცხადეს ის, რომ თითქოს ისინი ახალ წევრებს აიძულებდნენ, შემდგარიყვნენ ჯვრებზე, ჰქონოდათ ერთმანეთთან ჰომოსექსუალური კავშირი, უარეყოთ იესო და ა.შ. მათი სახლები, წისქვილები, ციხე-სიმაგრეები და კოშკები კი სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა. 7 წლის განმავლობაში არაადამიანურად აწამებდნენ რაინდებს, რათა მათი საიდუმლობანი შეეტყოთ, გაეგოთ, სად იმალებოდა ტამპლიერთა დიდძალი განძი, მაგრამ ამაოდ. მეფეს განუდგა ბევრი სასულიერო პირი, რომლებიც ფილიპმა მისი ერთგული ხალხით ჩაანაცვლა.

ტამპლიერების ბოლო დიდი მაგისტრი, ჟაკ დე მოლი სახალხოდ გამოვიდა და ნოტრ-დამის ტაძრიდან თავი დამნაშავედ აღიარა იმ მოტივით, რომ სხვები ეხსნა, მაგრამ ამან არ უშველა. ამის გამო მალევე უკან წაიღო თავისი სიტყვები. წამება და ზეწოლა რომ ამაო გამოდგა, ტამპლიერების დახოცვა დაიწყეს. 1314 წლის 19 მარტს ცოცხლად დაწვეს დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლი. კოცონზე წვისას ის სამეფო ოჯახსა და რომის პაპს წყევლიდა და ამბობდა, რომ ძალიან მალე ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მართლაც, ერთ თვეში (20 აპრილს) გარდაიცვალა რომის პაპი კლემენტ V, რომელსაც მალევე მიყვა უკან ფილიპე ლამაზიც (29 ნოემბერს). რამდენიმე წელიწადში მეფის ყველა შთამომავალმა იგივე ბედი გაიზიარა. 1328 წელს მეფის გვარი ამოწყდა და საფრანგეთის სამეფო ვალუების (Valois) დინასტიის ხელში გადავიდა.

განსაკუთრებული პოპულარობა ტამპლიერებისა და პარასკევი 13-ის კავშირს მოუტანა დენ ბრაუნის ნოველამ “და ვინჩის კოდი”. თუმცა ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენა ნაკლებადაა ისტორიულ მოვლენასთან კავშირში და უფრო თანამედროვე საფუძველი უნდა ჰქონდეს. მიზეზი ისაა, რომ “აქტიური” XX საუკუნეში გახდა, მანამდე კი ძალიან იშვიათი იყო.

პარადოქსია, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, პარასკევ 13-ის პერიოდში ნაკლები უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე “ჩვეულებრივ” პარასკევს. მიზეზი ისაა, რომ ამ დროს ხალხი უფრო ფრთხილადაა და უმეტესად სახლში ყოფნას ამჯობინებს. მძღოლებიც უფრო ფრთხილად დადიან, იშვიათია ავარიისა და მგზავრების დაშავების შემთხვევები. თუმცა არის ქვეყნები, სადაც პარასკევი 13 მართლაც საშიშია, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ისაა, რომ ამ დღეს ბევრი ადამიანი ეტანება ალკოჰოლურ სასმელს.

მოვლენები, რომლებიც სპეციალურად დაამთხვიეს ამ დღეს:

* ფილმი “Resident Evil 5” დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოვიდა 2009 წლის 13 მარტს.

* ატრაქციონი “SAW – The Ride” დიდ ბრიტანეთში გაიხსნა 2009 წლის 13 მარტს.

* ჯგუფ “Black Sabbath”-ის ამავე სახელწოდების ალბომი გამოვიდა 1970 წლის 13 თებერვალს.

* ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნა მოხდა 2004 წლის 13 აგვისტოს.

* საბავშვო ნოველების სერიის “A Series of Unfortunate Events”-ის მე-13 სერია გამოვიდა 2006 წლის 13 ოქტომბერს.

* ფილმ “Friday the 13th”-ის 12 სერიიდან 4-ის პრემიერა მოხდა პარასკევ 13 დღეს.

* ყოველ პარასკევ 13-ში ბაიკერები იკრიბებიან და კანადის ქალაქ პორტ დოვერში მოგზაურობენ.

* ფილმი “2012” გამოვიდა 2009 წლის 13 ნოემბერს.

* კასკადიორი სემ პაჩი 38 მეტრის სიმაღლიდან გადახტა მდინარე გენისში, 1829 წლის 13 ნოემბერს. დღემდე ეს ითვლება უდიდეს ნახტომად. თუმცა სამწუხაროდ, სემისთვის ის სასიკვდილო აღმოჩნდა.

* ქოლგეითის უნივერსიტეტი ყოველ პარასკევ 13 დღეს აღნიშნავს უნივერსიტეტის დაარსებას და იგონებენ იმ 13 ადამიანს, რომლებმაც 13 დოლარით დაიწყეს ეს დიდი საქმე 1819 წელს.

მოვლენები პარასკევ დღეს, 13 რიცხვში:

* ცნობილი რეპერი თუფაქ შაქური გარდაცვლილად გამოაცხადეს 1996 წლის 13 სექტემბერს.

* 250 კმ/სთ სიჩქარის მქონე ქარიშხალი, სახელად ჩარლი, თავს დაატყდა სამხრეთ ფლორიდას 2004 წლის 13 აგვისტოს.

* 1997 წლის 13 ივნისს უფაარის კინოთეატრს (ინდოეთი) ცეცხლი გაუჩნდა, რამაც გამოიწვია 59 ადამიანის სიკვდილი და 103 ადამიანის დაშავება.

* ასტეროიდი აპოფისი (აპოფიზი) დედამიწას ჩაუვლის 2029 წლის 13 აპრილს. ამ პერიოდში ის ხელოვნურ თანამგზავრებზე უფრო დაბლა იქნება.

* 1972 წლის 13 ოქტომბერს ურუგვაის ანდებში მოხდა ცნობილი კატასტროფა – თვითმფრინავმა მარცხი განიცადა და მგზავრები 72 დღე თოვლსა და ყინულში ცხოვრობდნენ.