"ისტერიკაში იყო, დორბლებს ყრიდა - დააკისრეთ შარაძეს ჯარიმაო..." - რუსუდან შარაძე

17:31 03-16-2018
1383

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილს რუსუდან შარაძეს მხატვარ გია ბუღაძის მიერ კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ რურუას ნახატების განადგურებაში დადანაშაულებამ, სამხატვრო აკადემიის ყოფილ რექტორთან დაკავშირებული ისტორია გაახსენა.

როგორც შარაძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, 2004 წლის ნოემბერში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გურამ შარაძემ ვინმე ოლბინსკის უხამსი პლაკატები ჩამოხია, რის გამოც, ბუღაძემ 50 ლარიანი პლაკატები 2 500 დოლარად შეაფასა და ითხოვდა, აკადემიკოსს ეს თანხა გადაეხადა. 

"გეხსომებათ, 2004 წლის ნოემბერში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გურამ შარაძემ ვინმე ოლბინსკის უხამსი პლაკატები (და არა ნახატები, ხაზგასმით ვამბობ), ჩამოხია. მაშინ, სამხატვრო აკადემიის რექტორი გახლდათ სახეში ფურთხებაში სტუდენტების გამწრვთნელი ბატონი გია ბუღაძე, ხოლო კულტურის უკულტურო მინისტრი - გოკა გაბაშვილი. ბუღაძეც და გაბაშვილიც მონაწილეობდნენ ოლბინსკის პლაკატების გამოფენის ორგანიზებაში. 

მამაჩემის მხრიდან ეს იყო პროტესტი ყველაფრის მიმართ, რაც მაშინ ხდებოდა და ეს კიდევ სხვა თემაა... რა ჰქნეს გაბაშვილმა და ბუღაძემ? დააჭერინეს გურამ შარაძე, როგორც ხულიგანი. სააკაშვილის საამებლად და ალბათ, რომ ჩაეჯიბა კიდეც, ბუღაძემ 50 ლარიანი პლაკატები 2 ათას 500 დოლარად შეაფასა. ისტერიკაში იყო, დორბლებს ყრიდა - დააკისრეთ შარაძეს ჯარიმა, გადაიხადოს ეს თანხაო.

საბოლოოდ, მამაჩემმა 1 თეთრიც არ გადაიხადა, საპყრობილეში კი 2 კვირა გაატარა. 

2017 წლის 17 ოქტომბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გავხსენით გურამ შარაძის კაბინეტი. საჩუქრად გადავეცი მამაჩემის უმდიდრესი პირადი არქივი, უზარზმაზარი ბიბლიოთეკა, ავეჯი და აგრეთვე, ნახატების კოლექცია, სადაც ბატონი გიას ადრე ნაჩუქარი, მისივე შესრულებული ორი ტილოც არის. 

ეს ნახატები დღეს გურამ შარაძის კაბინეტის კედლებს "ამშვენებს".

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბატონ გიას სინდისი შეაწუხებს, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ესეც თავისებური ისტორიაა", - ამბობს რუსუდან შარაძე.

გია ბუღაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნამუშევრები თვით ყოფილმა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ დაუხია.

"ნახატები რურუამ დამიხია და ნაფლეთებად აქცია. ჩემი ორი დიდი ნახატი ეკიდა კულტურის სამინისტროს შესასვლელში და რომ მივედი ჩამოხსნილი დამხვდა. როდესაც მოვითხოვე სად არის-მეთქი, არ მაჩვენეს... წლები რომ გავიდა სარდაფში ვნახე, ჩვრებივით იყო გადაყრილი", - აცხადებს ბუღაძე. 

ნიკა რურუამ ბუღაძის ბრალდებებს "პრაიმტაიმთან" უპასუხა. მისი თქმით, ნახატები, რომლის განადგურებაზეც ბუღაძემ ისაუბრა, ყოფილი კულტურის სამინისტროს შენობის ნახატები იყო, რომელიც არც მას და არც თავად ბუღაძეს არ მოსწონდა.

"გია ბუღაძე რომ ამბობს, რომ ეს ნახატები არის განადგურებული, ეს არის ტყუილი. ის არის სხვა მიზეზზე გაბრაზებული და იმიტომ ჰყვება ასეთ რამეს", - აღნიშნა რურუამ.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე