(Exclusive) რა სურვილი აუსრულა კახა კალაძემ ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს?

16:06 03-16-2018
496

თბილისში, თემქაზე მდებარე "თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში", სადაც დღეისათვის 55 ხანდაზმული ცხოვრობს, თბილისის მერსა და მერიას მადლობას უხდიან. 

ბენეფიციარები და პანსიონატის ხელმძღვანელი დარეჯან თომაძე აცხადებენ, რომ სახელწიფო მათზე ყველანაირად ზრუნავს და ძალიან კმაყოფილები არიან.

დარეჯან თომაძის თქმით, ხანდაზმულები პანსიონატში საუკეთესო პირობებში არიან.

"თვეში მინიმუმ 6-7 ღონისძიება აქვთ, როგორც შიდა, ასევე გარე. ტრეფიკინგის სახელწიფო ფონდის დაფინანსებით დაჰყავთ ოპერაში, კონცერტებზე. ახალი წლისთვის ღამის თბილისის  დასათვალიერებლად კახა კალაძემ 6 ადაპტირებული მიკროავტობუსი გაუგზავნა, რის შედეგადაც ყველა მოხუცმა ღამის თბილისი დაათვალიერა. კვება 4-ჯერადი აქვთ. დიეტური, დიაბეტური ცალ-ცალკე კეთდება", - ამბობს თომაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში. 

პანსიონატის უფროსი ამბობს, რომ თბილისის მერია და მერი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ძალიან ეხმარება. 

"2017 წლის 31 დეკემბერს, თბილისის მერი მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა და თითოეული ხანდაზმული და იქ მომუშავე ადამიანი დაასაჩუქრა. დაათვალიერა გარემო, გაესაუბრა იქ მაცხოვრებლებს და მოგვიანებით საახალწლო სუფრაც გაუშალა. რა გიჭირთ, რაში გინდათ ჩვენი დახმარებაო? რა თქმა უნდა, მე მას ბევრი პრობლემა ვუთხარი, მაგრამ უმთავრესი პრობლემა, რაც პანსიონატს გააჩნია, გარე კანალიზაციის პრობლემა იყო. პანსიონატი უკვე 40 წელია რაც დაარსდა და კანალიზაცია ძალიან დაზიანდა. მილებში ხის ფესვებია შესული, იჭედება კანალიზაციის ჭები და ძალიან ვწვალობდით. კალაძემ მთხოვა დოკუმენტურად გამემზადებინა ეს ყველაფერი და გადამეგზავნა. მართლაც იანვარში მოვამზადე ყველაფერი, GWP-ს მივმართე, გააკეთა ხარჯთაღრიცხვა. მარტო პროექტი ჯდებოდა 10 500 ლარი, ჩვენ ერთი თეთრიც არ გვქონდა. დაახლოებით ათ დღეში დამიკავშირდა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია ჭელიძე და მითრა, რომ ბატონი კახის დავალებით მალე დამიკავშირდებოდნენ. ერთ კვირაში დამირეკა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფანცულაია. მან მითხრა, რომ პროექტს მერიაც და GWP-ც დაეხმარებოდნენ და ამ პრობლემას მოგვიგვარებდნენ.  ათ დღეში, ანუ ახლა სამშაბათს ტექნიკა და მუშები მოვიდნენ და უკვე ამ საკითხზე მუშაობენ", - ამბობს პანსიონატის ხელმძღვანელი. 

დარეჯან თომაძის თქმით, პროექტი სულ 22 000 ლარი ჯდება. სახელმწიფო ხარჯებს თავად დაფარავს და ამით არამხოლოდ პანსიონატის, არამედ იმავე ეზოში ფუნქციონირებად პოლიკლინიკა "კამელიელებსაც" გადაეჭრება პრობლემა.

"მათაც ანალოგიური პრობლემა აწუხებდათ. პოლიკლინიკა პანსიონატის ბენეფიციარებსაც ემსახურება.

ამავდროულად კანალიზაციის ხაზი შედიოდა "მე-5 ბავშვთა საავადმყოფოში", იქიდან გადიოდა ცენტრალურში", - ამბობს თომაძე.

მისი თქმით, დირექტორმა წერილი მისწერა, რომ ეს საავადმყოფო უკვე კერძო მფლობელობაშია და სთხოვა, რომ კანალიზაციის მილები გაეტანათ. სამუშაოების დასრულების შედეგად კი ეს პრობლემაც გადეჭრებათ.

"პრაიმტაიმი" იქ მცხოვრებ მოხუცებსაც ესაუბრა. ყველა კმაყოფილი და მადლობელია. მერის სტუმრობა და მისგან მიღებული საჩუქრები ყველას კარგად ახსოვს.  86 წლის ელენე მისაკიანს და  85 წლის ნიკოლოზ ციბაძეს ყველა პირობა აკმაყოფილებთ, განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნიათ. 

პანსიონატში 79 წლის ჟურნალისტმა მურმან ხაჭაპურიძემ ცხოვრების მეორე ნახევარი  იპოვნა. სხვის მოსავლელად მყოფი ქალბატონი სიყვარულის გამო მოხუცთა თავშესაფარში გადასახლდა. 69 წლის დ. რ ახლა ბატონი მურმანის მეუღლეა. პანსიონატით კმაყოფილები არიან. ერთადერთი თხოვნა, რაც მურმან ხაჭაპურიძეს  და მის გვერდით ოთახში მცხოვრებ ავთანდილ შერმაზანაშვილს აქვთ, პანსიონატში მიღების განახლებაა.

"გარეთ მცხოვრები პენსიონერები ძალიან მეცოდებიან. საპენსიო ზრდა აღარ არის. აქ იდეალური პირობებია ყოველი მიმართულებით. ბევრს უნდა აქ მოსვლა, მაგრამ ჩარიცხვა არ ხდება. სახელწიფოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვთხოვ, რომ პანსიონატში მიღება განაახლონ", - ამბობს მურმან ხაჭაპურიძე.

კანალიზაციის პრობლემის მოგვარების აღსანიშნად პანსიონატში საზეიმო ღონისძიების მოწყობას გეგმავენ. იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ყველა დანარჩენ პრობლემას ეტაპოვრივად გადაუჭრის.

 

 

ნინო რაზმაძე