(Exclusive) "ეს ნახატები არ მოგვწონდა..." - ნიკა რურუა გია ბუღაძის ბრალდებებს პასუხობს

13:29 03-16-2018
431

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ცნობილი მხატვრის, გია ბუღაძის ბრალდებებს პასუხობს.

როგორც რურუამ "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, ნახატები, რომლის განადგურებაზეც ბუღაძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა, ყოფილი კულტურის სამინისტროს შენობის ნახატები იყო, რომელიც არც მას და არც თავად ბუღაძეს არ მოსწონდა.

"შინაარსობრივად არც ესთეტიური თვალსაზრისით ეს ნახატები არ მოგვწონდა. ეს იყო ყოფილი შენობის ყოფილი ნახატები, რომელიც მან დატოვა. რა თქმა უნდა, მასაც არ მოსწონდა. ბატონი გია ჭანტურია იყო, რომელიც გზების და ნავთობის გადატანის კორპორაციის ხელმძღვანელი იყო. მათ ჰქონდათ შეკვეთილი ბუღაძისთვის ეს ნახატები. რომ გადავიდა კულტურის სამინისტო ამ შენობაში, ეს ნახატები კედლებზე დახვდა. ეს ნახატები შევინახეთ სარდაფში, როგორც წესი და რიგია. გია ბუღაძე რომ ამბობს, რომ ეს ნახატები არის განადგურებული, ეს არის ტყუილი. ის არის სხვა მიზეზზე გაბრაზებული და იმიტომ ჰყვება ასეთ რამეს. 

მისი ნახატების განადგურება არავის მიზნად არ ჰქონია, უბრალოდ კედლებზე, სადაც ეს იყო, არაფერ შუაში არ იყო. წინა მფლობელმა, ვინც დაახატინა, მანაც კი დატოვა იქ იმიტომ, რომ მაინცდამაინც დიდი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩეოდა. თუ პრეტენზია ვინმეზე აქვს, სამეურნეო ნაწილთან შუძლია ჰქონდეს", - განაცხადა რურუამ. 

გია ბუღაძის თქმით, ნამუშევრები თვით კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ დაუხია.

"ნახატები რურუამ დამიხია და ნაფლეთებად აქცია. ჩემი ორი დიდი ნახატი ეკიდა კულტურის სამინისტროს შესასვლელში და რომ მივედი ჩამოხსნილი დამხვდა. როდესაც მოვითხოვე სად არის-მეთქი, არ მაჩვენეს... წლები რომ გავიდა სარდაფში ვნახე, ჩვრებივით იყო გადაყრილი", - აცხადებს ბუღაძე. 

 

 

 

თათია ცუკოშვილი