ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

22:12 03-13-2018
36

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხოხბა საქართველოში უკვე დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

ლიბიაში პატიმრობაში კვლავ რჩება სამი ქართველი მეზღვაური. 

ხვალ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან .

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან ოთხი  ქართველი იყო. მათ  პატიმრობაშეუფარდეს. ლიბიაში დარჩენილ ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.